ასავალ-დასავალის” მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი დიტო ჩუბინიძის დაკავების ფაქტს ვრცელი წერილით ეხმაურება. ის ამტკიცებს, რომ ჩუბინიძე “უწყინარი შეკითხვის” გამო ისჯება.
მმართველ გუნდში ჩუბინიძის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნადარეიშვილი “ასავალ-დასავალის” წარმომადგენლის მხრიდან ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ქმედებების მსუბუქ კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს.
პარლამენტის ვიცე სპიკერის, ნინო წილოსანის თქმით, უწყინარ მცდელობად ვერ ჩაითვლება, როდესაც საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს.
“როდესაც შენს გაზეთის ფურცლებს და საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ეს არ შეიძლება, ჩაითვალოს უწყინარ მცდელობად. ეს არის გარკვეულწილად ძალიან საზიანო მცდელობა იმისა, რომ თავად სახელმწიფოს ინტერესი დაზიანდეს და დაზიანდეს თავად თემა დავით გარეჯთან მიმართებით, რომელიც უზომოდ სენსიტიურია. არ მინდა, რომ ჩემი განცხადებებით რაიმე ფორმით ჩავერიო ამ პროცესში, ერთი, რაც თვალნათელია, არის ის სრულიად უარგუმენტო, დაუსაბუთებელი, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე და უფრო მეტიც, სრულ სიგიჟეზე დაფუძნებული ბრალდებები, რომელსაც “ასავალ-დასავალის” მეშვეობით ისინი ავრცელებდნენ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
გამოძიების ინფორმაციით, “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.
