საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არც ერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ და გამოირჩევიან ძალიან აგრესიული განცხადებებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რითაც თავიანთ კოლეგებსაც ჩრდილავენ საქალაქო სასამართლოდან – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადრე თუ დემონსტრაციულად ერთ შუამდგომლობას მაინც აკმაყოფილებდნენ, ახლა „დემოკრატიის შეფუთვაზე“ სრულიად ხელი აქვთ ჩაქნეული.
„აშკარად ჩანს, რომ პროცესის სწრაფად დასრულების ინსტრუქცია აქვთ მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ კვირაშიც დანიშნეს სხდომები. რაც შეეხება მიმდინარე შუამდგომლობების ეტაპს, გაირკვა რომ ადრე, როდესაც ცდილობდნენ ხოლმე დემონსტრირებას და ერთ შუამდგომლობას მაინც დემონსტრაციულად აკმაყოფილებდნენ, ახლა ამ „დემოკრატიის შეფუთვაზე“ საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არც ერთ შუამდგომლობას არ ითვალისწინებენ და გამოირჩევიან ძალიან აგრესიული განცხადებებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რითაც თავიანთ კოლეგებსაც ჩრდილავენ საქალაქო სასამართლოდან. საქალაქო სასამართლოში უამრავ პროცესს ვესწრებით ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა იქაც კი არ არიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციის მიმართ აგრესიასა და ზიზღს ასე ღიად არ ფარავენ. ძალიან სამწუხაროა თუ როგორ მიიტაცეს ინსტიტუციები და როგორ დააკომპლექტეს ისინი. ეს, რა თქმა უნდა, ამ პროცესშიც ჩანს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას, ირაკლი ფავლენიშვილის აზრით „ეს იყო ღია „მესიჯი“, რომ ივანიშვილი რუსეთს ყველა მიმართულებით რევერანს უკეთებდა და აპირებს, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც არის მისაღები რუსეთისთვის”.
„ეს არის ღია მესიჯი, დაიწყო პოლიტიკური არჩევანის აკრძალვის საქმე და ამის პარალელურად დანიშნეს კონკრეტული სპეციალური წარმომადგენელი. ეს იყო ღია მესიჯი, რომ ივანიშვილი რუსეთს ყველა მიმართულებით რევერანს უკეთებდა და ის აპირებს, რომ ყველა ეკონომიკურ-პოლიტიკური ძირითადი მიმართულებებით „გაუსწოროს“ კრემლს და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც არის მისაღები და ხელსაყრელი რუსეთისთვის“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
