ერთი რამ, რაც მინდა ყველა ქართველმა იცოდეს, არის ის, რომ დღეს არ იკრძალება ხუთი პოლიტიკური პარტია, დღეს იკრძალება თავისუფლად აზროვნების უფლება ქვეყანაში, რაც ეკრძალება თითოეულ თქვენგანს განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერთ მხარს, რადგანაც ის ფუნდამენტური უფლება, რომელიც დღეს იკრძალება, არის ყველა მოქალაქის უფლება და არის ცვალებადი გემოვნების საკითხი, დღეს შეიძლება იყო „ქართული ოცნების” ამომრჩეველი, მაგრამ შენ გიკრძალავენ საარჩევნო ნებას და უფლებას, შენ გიკრძალავენ თავისუფალი, სინდისიერი არჩევანის უფლებას და ეს არის თავდასხმა დემოკრატიის ყველაზე ფუნდამენტურ არსზე,- ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით დღეს უკვე „ლელოს“ ექნება თავისი რიგი, შევიდეს არსებით განხილვაში და გუნდი შესაბამის არგუმენტს წარადგენს.
„დღეს რეჟიმის მხრიდან მიმდინარეობს თითოეულ ქართველზე, სრულიად ქართველ ერზე და მათივე გაყალბებულ არჩევნებში მილიონამდე ხმა რომ მიიღო, ყველა იმ პარტიაზე, თავდასხმა, შესაბამისად ერის ნახევარს ეს რეჟიმი ეუბნება, რომ ჩვენ როგორც ერი ვყოფილვართ არაკონსტიტუციური, ვასილ როინიშვილი რომელიც მიშას დროს ემსახურებოდა საქმეების შეკერვას, ყოფილა თურმე კონსტიტუციური, ჭეშმარიტი და პატრიოტი.
ასეთ უკეთურობაში და უკუღმართობაში გვამყოფებს ეს რეჟიმი, როდესაც მიშა სააკაშვილის დროინდელი პროკურორი, რომელიც მათ შორის სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვაზე მუშაობდა, დღეს გამოდის და კრძალავს „ნაციონალურ მოძრაობას” და რაც კიდევ უფრო უარესია, უნდა რომ აკრძალოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელიც შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში არ არსებობდა, მაგალითად „ლელო – ძლიერი საქართველო“- აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
გეგელიას თქმით, სარჩელის დაკმაყოფილება შექმნის ფორმალურ სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძველს იმისთვის, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა რეალურად იქნეს კონსტიტუციურად დაკანონებული და კონსტიტუციურად გამართლებული.
„ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფო ამბობს, რომ ყველაფერი ისეთი, რაც შეიძლება პოტენციურად მოიაზროს რუსეთმა როგორც გამაღიზიანებელი, იქნება ცნობილი არაკონსტიტუციურად, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო უარს აცხადებს საკუთარი სუვერენული უფლებების აღსრულებაზე და ეწევა თვითშეზღუდვას. საკუთარი სუვერენული უფლებების ნაწილს და უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის დაცვის უფლებას, მისთვის მისაღები ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების უფლებას უთმობს რუსეთს და ეს ყველაფერი კანონდება ამ შენობაში, „ქოცური“ რეჟიმის ხელით”, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
გარდა ამისა, გრიგოლ გეგელია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას სარჩელის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, „დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ერთად ამბობს, რომ „ქართული ოცნების” რეჟიმი სპობს დემოკრატიას, თავისუფლების ყველა ჩანასახს და ქართულ სახელმწიფოს“.
„არ არსებობს არც ერთი განსხვავებული აზრი, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომელიც სხვაგვარად შეხედავდა საქმის ვითარებას.
ის მხარეებიც კი, რომელიც ახლო წარსულში საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნების“ პარტნიორებად მოიაზრებოდნენ ღიად ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატიის ყველა ბოლო ფუნდამენტის მოსპობის მცდელობა. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის ავტოკრატიის კიდევ სხვა დონე და ეს არის დიქტატურის ჩამოყალიბება.“- აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
