რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საქართველოში წარმოებული რიგი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების რუსეთში იმპორტისა და გაყიდვის შეზღუდვებში პოლიტიკურ ქვეტექსტს ვერ ხედავს.
მისი თქმით, საკითხი რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსპოტრებნადზორის) კომპეტენციაა და შეზღუდვები პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობას უკავშირდება.
„ჩემი აზრით, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის საკითხი არ არის. ეს როსპოტრებნადზორის საკითხია. ამ უწყების მოვალეობაა შეაფასოს, შეესაბამება თუ არა პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში მოქმედ უსაფრთხოების მოთხოვნებს და აღკვეთოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების საქონლის იმპორტი“, — განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვები კონკრეტულ პროდუქციას ეხება და ტყუილად ცდილობენ ამ თემით სპეკულირებას.
„დაწესებული შეზღუდვები კონკრეტულ პროდუქციას ეხება. ვხედავთ, როგორ ცდილობენ სრულიად რუტინული პროცედურის პოლიტიკურ ფაქტორად წარმოჩენას და ამ თემით სპეკულირებას. აქ არაფრის ძებნა არ არის საჭირო. არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ვარაუდებია“, — განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
ზახაროვას თქმით, პროდუქციის იმპორტიორებს გარკვეული მოთხოვნები წარუდგინეს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში პროდუქციას ათობით ქართული კომპანია აწვდის და დარღვევები მხოლოდ რამდენიმე საწარმოში გამოვლინდა.
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს.
