საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გიორგი ნემსაძის გარდაცვალების მიზეზი.
გიორგი ნემსაძეს მამა ერთი თვის წინ გარდაეცვალა, ორმოცი 23 ოქტომბერს აქვს.
“ნახალოვკას და მთელ საქართველოს კიდევ ერთი კარგი ადამიანი გამოაკლდა…ერთი თვის წინ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა ვაჟა ნემსაძე. კარგი ნახალოვკელი, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ნემსაძის მამა. დღეს კი თავად გიორგი ნემსაძის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ. დიდი ტრაგედიაა… ძნელია ასეთ დროს სიტყვების მოძებნა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვისთვისაც ვაჟა და გიორგი ძვირფასი ადამიანები იყვნენ. ნათელი დაადგეთ ორივეს!”
გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.
1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“, 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“, ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.
