ჟურნალისტი ზურაბ სტეფანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვასთან დაკავშირებით საბუთების გაყალბება მიმდინაორებს.
“გურიაში უფრო და უფრო მეტჯერ გაიგონებთ, როგორ ეძებს ზოგიერთი ,,რუსი ტურისტი,, სოფლებში სახლებს, მდინარის პირას. ქირით არა, შესაძენად. მდინარესთან ახლოს ყოფნა არ ვიცი სააგარაკე მოთხოვნაა თუ რა ახირებაა, ხაზგასმით ასე უნდათ.
როგორც ვიცით, უცხოეთის მოქალაქეს არ შეუძლია პირდაპირ იყიდოს სასოფლო სტატუსის მქონე მიწა და ქონება. შესაბამისად საქმე გვაქვს კანონის დარღვევასთან, სახელმწიფოს უსაფრთხოების რისკებთან, უკანონო გარიგებებთან, კორუფციასთანაც..
როგორც ამბობენ, შეზღუდვის გამო, ქონების შეძენა და რეგისტრაცია ხდება საქართველოს მოქალაქის სახელზე (რა გარანტიებით გაუგებარია). რიგ შემთხვევებში კი, მიწის სტატუსის ცვლილებაზე შეაქვთ მოთხოვნა, ასუფთავებენ მიწას ხეებისგან, იხდიან მეტრში დაახლოებით 3 ლარს, ბიუჯეტში და ასე ყიდიან.
კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. არც ასეთი ამბები. სახეზე გვაქვს მინიმუმ ორი შავი ხვრელი, რომლის ამოვსება შესაძლებელია კანონების გადახედვით და შესაბამისი ორგანოების რეაგირებით…
ჯერ არც ერთი არ ხდება. ამ თემას არ იმჩნევს არც მთავრობა, რომელმაც თავის დროზე მიწის (მხოლოდ სასოფლოს) უცხოელზე გაყიდვა შეზღუდა, და არც ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილი ერთ დროს ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებდა..
მე ვერასდროს დავუჭერ მხარს პარტიას, პოლიტიკოსს, რომელიც რამენაირად დაუშვებს საქართველოს მიწის კერძო საკუთრებაში უცხოეთის მოქალაქეებზე გადაცემას. მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას დღეს უფრო ბევრი ფული აქვს, ვიდრე ჩვენ.
მაშინ, როდესაც უცხოელებს შეუძლიათ გამოიყენონ იჯარა, ჩადონ ინვესტიცია წარმოებაში და ნედლეულისთვის დადონ ხელშეკრულებები ადგილობრივებთან.. მოითხოვონ, ეძიონ და მიიღონ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეობა, ყველა ეტაპის გავლით..
საერთოდ, წარმოდგენა, რომ საოჯახო მემკვიდრეობით გადმოცემული მიწა მართლა შენია და შეგიძლია რაც გინდა ის უქნა, დააზიანო, სხვა გალაქტიკაშიც წაიღო, არის ყველაზე დიდი აბსურდული არგუმენტი ამ საკითხში.
როცა ახალგაზრდები ოჯახებით მიდიან ემიგრაციაში, ჩნდება რეალური საფრთხე ცვლილებების, გამოცარიელებული სივრცის გარედან შევსების, ათვისების.. გვაქვს კვების უზრუნველყოფის გამოწვევები და მომავალში ეს კიდევ უფრო საშიში გახდება. როდესაც სამი ათწლეული ვერ გააღწია ფონს ქვეყანამ, ვერ შექმნა თავდაცვის მექანიზმები და ვხედავთ ისედაც ოკუპირებულ ტერიტორიებს დამატებით როგორ იფორმებს თავის სახელზე რუსეთი, წარმოუდგენელი დანაშაულია ხელიდან ასე იოლად გავუშვათ ის, რასაც ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ.” – წერს ჟურნალისტი