ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების შესახებ.
გორდულაძე მოუწოდებს, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათ კორექტირების მცდელობას.
“ევროკავშირი შექმნილია რამდენიმე პრინციპზე და ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ზუსტადაც კანონის უზენაესობაა. მეორე მხრივ, სხვა ქვეყნის პატივისცემა და სუვერენიტეტის არჩევა. ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც არახალია. სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. ელჩს არაერთხელ უცდია მართლმსაჯულებაზე ზეწოლა განეხორციელებინა მათ შორის, ბათუმშიც, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას პირდაპირ ესწრებოდნენ სხდომებს, თან თარჯიმნის გარეშე, რა თქმა უნდა, არც არაფერს იგებდნენ, ეს იყო მცდელობა, რომ როგორმე მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ახლა, პრესსპიკერის განცხადება ზუსტად იგივეა, ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ყველაზე უარესი- ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპის კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მიხედონ თავიანთ საქმეს, თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათ კორექტირების მცდელობას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსპიკერი, კრისტიან ვიგანდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს”. მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ პროცესი შეშფოთებას იწვევს.
