გზაში გავიგე, რომ გლდანის ციხეში ძმებ ფეიქრიშვილებს ვატო და მისი ბრიგადა ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს დაკავება დადგმული იყო და სინამდვილეში ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში. ადვოკატი საუბრობს, რომ ფეიქრიშვილებს კრიპტო საფულის კოდებს სთხოვენ. რამდენჯერმე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა „ქოლცენტრებს“ და იქიდან ამოღებულ ფულს უკავშირდებოდეს და ნამდვილად ასეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს.
მისი თქმით, ჩნდება კითხვა „თუ ვის სჭირდება ეს კოდები და ფული?“
„შემთხვევით ივანიშვილს ხომ არა“? – კითხულობს პოლიტიკოსი.
ამასთან, ლაშა ფარულვა, გლდანის საპატიმროში მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს.
„გასაჯაროვდეს ციხის კამერების ჩანაწერები და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახალხო დამცველიც ივანიშვილის კუდია და არა ხალხის უფლებების დამცველი, ეგეც ამათთან ერთად უნდა მოვიშოროთ.
ფაქტია, რომ ჭორვილიდან ამოზრდილმა ვირუსმა მთელი ქვეყანა მოწამლა, კრიმინალი მოაჯდა ქვეყანას და ივანიშვილებმა კი ქართული სახელმწიფო ქალამნად ამოიცვეს.
ახლა ბათუმში პარტიების აკრძალვის საქმეზე მივდივართ მე და ჩემი მეგობრები და წარმოიდგინეთ საქართველო პოლიტიკური პარტიების გარეშე. კრიმინალები ვისთან მივლენ ? თქვენთან „ქოცბიზნესმენებო“ და ივანიშვილის „დელეცებო“. აბა, ჩვენ ისედაც არაფერი გვაქვს. გამოფხიზლების დროა, თორემ ვატულია და ივანიშვილის კრიმინალები პირველ რიგში თქვენ მოგაკითხავთ. კრიმინალები ერთად უნდა მოვიშოროთ, არავის სჭირდება ასეთი ქვეყანა და პირველ რიგში, ჩვენ შვილებს ასეთი ქვეყანა არ უნდა დავუტოვოთ“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულეები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ე.წ. კრიმინალურ წრეებთან დაახლოებულ პირს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს. შედეგად ფეიქრიშვილს დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები აქვს. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც აღნიშნული დაპირისპირება მოხდა, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ ვენები გადაიჭრა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ასევე გლდანის ციხეში, ოღონდ სხვა საკანში ზის. „დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო – ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. [ძმას] გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა“, – განაცხადა ფეიქრიშვილების ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, თბილისში, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.
