„დღეს ფაქტობრივად 100%-ით ბანკებზე ვართ დამოკიდებული, ციფრული ლარის შემთხვევაში კი ეს დამოკიდებულება რეალურად მოიხსნება და ჩვენ 24/7-ზე, 365 დღის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ თანხები მყისიერად ვამოძრაოთ და გადავრიცხოთ ერთმანეთთან,“ – ამის შესახებ საქართველოში ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით კიკვიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით კი, ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება ეძლევა.
ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, აღნიშნული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ფინანსური ოპერაციების მეტი მოქნილობა, ტრანზაქციული დანახარჯების შემცირება და ეროვნული ბანკისთვის ინფლაციურ პროცესებზე ზემოქმედების დამატებითი ინსტრუმენტის გაჩენა შეიძლება იყოს.
