გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 17 ოქტომბერს გაიმართებოდა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო და უმრავლესობის სხდომა, რომელსაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრებოდა, გაჩნდა ვარაუდები, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება გამოცხადებულიყო როგორც პარტიაში, ისე მთავრობაში, მით უფრო იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც მთელი კვირის განმავლობაში “ქართული ოცნების” გარშემო მიმდინარეობდა. საბოლოოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორც პოლიტსაბჭოს, ისე უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხები. “ორივე შეხვედრას ესწრებოდა და უძღვებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, დამოკიდებულება და ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ”, – განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, მიიღეს პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება: “მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე”. კობახიძის თქმით, ლაპარაკი იყო საპატიმროში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზეც. “ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები და გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის. ეს არის, პირველ რიგში, გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოთქვა ბიძინა ივანიშვილმაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა”, – განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმითაც, ირაკლი ღარიბაშვილის რაიმე ფორმით პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ საუბარი არ ყოფილა. სწორედ ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
– რაღა დაგიმალოთ და, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსა თუ უმრავლესობის სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღება და რომ მიიღება სადღაც სხვაგან. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება, თუმცა არ ველი სწრაფად ფორსირებულ პროცესებს, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება გარკვეული ცვლილებები, სადღაც 3 თვის განმავლობაში შესაძლოა დიდი ცვლილებები მოხდეს… ზოგადად, ამგვარი ბრიფინგებით რთულია ვიმსჯელოთ, რეალურად რა ხდებოდა ამ სხდომებზე.
კობახიძემ ბრიფინგზე საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ევროკავშირთან ურთიერთობაზე განაცხადა: “ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება: დავიწყოთ დიალოგი. ეს დიალოგი ჩვენი წარმოდგენით უნდა იყოს წარმართული პოლიტიკურ დონეზე, საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე დაიწყოს დიალოგი და მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი, დიალოგი და დისკუსია უნდა იყოს საჯარო ქართველი საზოგადოებისთვის. თუ არსებობს სურვილი, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები, ამ შემთხვევაში ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები იოლად უნდა დაეთანხმონ ჩვენს შეთავაზებას, იმიტომ, რომ დიალოგს არავითარი მინუსი არ შეიძლება ჰქონდეს”…
– დიალოგი კარგია, მეც ვისურვებდი ამგვარი დიალოგის დროულად დაწყებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, შენ როგორ იქცევი, რამდენად განაწყობ დიალოგისთვის სხვას… სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლებს “დემოკრატიულ ფაშისტებსაც” კი ეძახდნენ, “დიფ სთეითი” მოიგონეს, ახლა ეს დაავიწყდათ? თითქოს ამოიღეს ლექსიკიდან ეს სიტყვები. ბოდიშიც კი არ მოუხდიათ… გარდა ამისა, მიზანმიმართულად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას სულ მეტად გვიფუჭებს. იმედია, რეალურად ხვდებიან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გარეშე არაფერი გამოვა და ეს განცხადებები მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის.
– ამ სხდომებისადმი საზოგადოების ინტერესი არაერთი ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის იმითაც, რომ გასულ კვირას კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა სკანდალური განცხადება გაავრცელა და კულტურის ყოფილი მინისტრი თინათინ რუხაძე მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე, მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა. მან სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდა. კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ოქიტაშვილმა პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროება მოითხოვა…. ამასთანავე, განცხადებაში ოქიტაშვილი ახსენებს მამუკა მდინარაძეს და წერს, რომ ის იყო რუხაძის მფარველი… კობახიძის თქმით კი, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებში პრობლემა არ ჩანს და რომ არც მამუკა მდინარაძეს ელის სამართლებრივი პროცესი.
– დიდი ხანია პოლიტიკოსის სიტყვამ ფასი დაკარგა, როგორც წესი, არასოდეს ამბობენ სიმართლეს. თუ დასჭირდა, ცოტა ხნის შემდეგ კობახიძე აბსოლუტურად გაუწითლებლად იტყვის საწინააღმდეგოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
რაც შეეხება ბატონ ოქიტაშვილს, მას კარგად არა, მაგრამ ვიცნობ იმდენად, რომ გითხრათ, რამდენად ფრთხილი ადამიანია, ის მსგავს განცხადებებს არასდროს გააკეთებდა, სერიოზული საფუძველი და მხარდაჭერაც რომ არ ჰქონდეს “ქართული ოცნების” გავლენიანი ჯგუფისგან. რადგან ასეთი პოსტი გამოქვეყნდა, ვფიქრობ, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და სინამდვილეში რაღაც დიდი სიღრმისეული პროცესის გამოვლინებაა. არ ვიცი, მოიპარა თუ არა ქალბატონმა რუხაძემ ფული, მაგრამ, ვფიქრობ, გამოძიება დაიწყება და იმაზე ბევრი რამ გაირკვევა, ვიდრე გვგონია. ეს შეიძლება დღესვე არ მოხდეს, მაგრამ გარკვეულ პროცესს ნამდვილად ველოდები.
ცხადია, რომ ეს ვითარება მამუკა მდინარაძისთვის შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც ცენტრისკენ – კეისრისკენ მიდის, რომელიც, ვფიქრობ, სერიოზულ ცვლილებებს ამზადებს. როგორც წესი, ბატონი ივანიშვილი ძალიან ნელა და თანამიმდევრულად, მაგრამ შეუქცევადად მოქმედებს ხოლმე. ვნახოთ, რა იქნება.
– ამ პოსტის გავრცელებიდან ორიოდე დღეში ცნობილი გახდა, რომ დააკავეს ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტები ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად “კაწრო” – პირები, რომლებიც დღემდე მმართველ ძალასთან დაახლოებულ პირებად მიიჩნეოდნენ. ვატო ყიფიანის სახელს ხშირად უკავშირებდნენ მამუკა მდინარაძეს.
– ჩემი აზრით, არასწორია პროცესების იმ ჭრილში გაანალიზება, რომ ეს ამასთან დაახლოებული პირია ან ის იმასთან. იცით, რატომ? იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავს ქვეყნის მმართველებად მიიჩნევენ, დაახლოებული პირები არ არსებობენ. მათთვის არსებობს მხოლოდ კონკრეტული ტაქტიკური ამოცანა და ამ ამოცანის შემსრულებელი. შეასრულებს პირი ამოცანას? მერე, თუ აღარ დასჭირდათ, შეუძლიათ სანაგვეზე გადააგდონ. მოკლედ, ხელშეუხებელი არავინ არის.
რაღაც მომენტში ეს ადამიანები სასარგებლოები არიან და მათ იყენებენ, შემდეგ კი აღარ არიან სასარგებლოები და ივიწყებენ. დიდი ალბათობით, ასე მოხდება ამათ შემთხვევაშიც.
მეც გამიგია მოარული ხმები, რომ ყიფიანი “ოცნებას” “ქუჩას” ულაგებდა. ასე იყო თუ არა, დაზუსტებით ნამდვილად არ ვიცი, მე უფრო ის მაინტერესებს, ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის გამოყენების უფლებას იძლევიან, საკუთარ მომავალზე რატომ არ ფიქრობენ?
პრობლემა ის არის, რომ ქართველებს სიღრმისეული ფიქრი ნაკლებად გვიყვარს, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც სიტუაციას თუნდაც ორი ნაბიჯით წინ აანალიზებს. განაგრძეთ კითხვა…https://kvirispalitra.ge/article/152070-3-tvis-ganmavlobashi-shesazloa-didi-cvlilebebi-moxdes-ra-siurprizebs-elodeba-xelisuplebisgan-sandro-tvalchrelize/?fbclid=IwY2xjawVC8HZleHRuA2FlbQIxMABwZG9mBWJyaWQRMXNzRWtqMGdXZzdyd2ZCN2hzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeBrXF2lpD-SJt_M5R33dHzPVUtZf9Gnw7lDKTDLZrq08qEp3INE-M4WtZiRI_aem_Cvmh0rJ8Z16882ihfMKSCA
