გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ცენტრში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
დაშავდა ქალი, რომელიც გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ის სამეგრელოდან სოფელში დღიურ სამუშაოზე იყო ჩამოსული.
ავტომობილის მძღოლის თქმით, შემთხვევა საავტომობილო გზის ჩაბნელებულ მონაკვეთზე მოხდა, სადაც გარე განათება არასაკმარისია.
„- დილით ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ვიყავი, იქიდან რომ გამოვტრიალდი, ცენტრში, ახალ ეკლესიასთან, ქვეითი გვიან შევამჩნიე ჩაბნელებული ადგილის გამო.
ვმოძრაობდი დაშვებული, 40 კმ/სთ სიჩქარით. მოვასწარი მანევრირება და მარცხენა მხარეს გადავწიე საჭე, მაგრამ შეჯახება მაინც მოხდა მარჯვენა ფარის მხრიდან“, – ამბობს ის.
მისივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავად გამოიძახა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და საგამოძიებო ეკიპაჟები იმყოფებოდნენ.
