დიდ ლილოში ნაგავსაყრელის გადატანის ან იქ ნარჩენების მიღების შეწყვეტის მოთხოვნით ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ნაგავსაყრელის შესასვლელი გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წლებია გაუსაძლისი სუნისა და ანტისანიტარიის პირობებში უწევთ ცხოვრება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები მათი პრობლემებით მხოლოდ გზის გადაკეტვის შემდეგ დაინტერესდნენ.
მოსახლეობა ნაგავსაყრელის ფუნქციონირების შეწყვეტას ან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანას მოითხოვს.
“იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ვიმყოფებით ჩვენ, მოაქვთ ყოველდღიურად 150-დან 200 ტონამდე ნაგავი. ეს უზარმაზარი რაოდენობა ნაგვის ლპება, გამოყოფს მეთანს და იწამლება მთელი მოსახლეობა, ღამის 2-3 საათზე შემოდის სახლში ნაგვის სუნი. მეთანი, სინამდვილეში, არის აირი, რომელსაც გამოჰყოფს ეს ნაგავსაყრელი და ვიწამლებითდ ა განცდა გვაქვს იმის, რომ ჩვენი ჯანმრთელობა ზიანდება და ჩვენი ღირსებაც და მორალიც არიუს ფეხქვეშ გათელილი” – ამბობს ადგილობრივი.
ადგილზე გვიან ღამით სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მივიდა. მან ადგილობრივებს განუცხადა, რომ პრობლემის სრულად მოსაგვარებლად ხელისუფლებას დრო 2030 წლამდე სჭირდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პროტესტში დარჩებიან იქამდე, ვიდრე მერია საკუთარი ხალხის პრობლემებს არ მიხედავს
