საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა და მათდამი ერთგულება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია.
„საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა და მათდამი ერთგულება. მათი ავტორიტეტი ლეგიტიმურობას ეფუძნება: რწმენას, რომ წესები ყველაზე თანაბრად ვრცელდება; რომ გადაწყვეტილებები ფაქტებსა და სამართლიან პროცედურებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას და რომ ამ წესებზე მაღლა არავინ დგას.
როდესაც ლეგიტიმურობა სუსტდება, მის აღდგენას ვერანაირი ხელშეკრულების ვერცერთი ტექსტი ვეღარ შეძლებს.
რატომ სუსტდება ეს ინსტიტუტები მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ჩვენს თვალწინ რღვევას განაგრძობს? ხშირად იმიტომ, რომ მათი ინსტრუმენტალიზაცია ხდება. შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურად მოტივირებული და აღქმებზე დაფუძნებული პოზიციების გასატარებლად გამოყენებისა და მათ იარაღად ქცევის მზარდი პრაქტიკა. როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო და პოლიტიკური ჯგუფი ინსტიტუტებს ვიწროდ განსაზღვრული პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ზოგიერთი წევრის ზეწოლის ქვეშ მოსაქცევად და სხვების დასაცავად, ან მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკურ იარაღად ქცევისთვის იყენებს, ამ ინსტიტუტებს თავიანთ მთავარ დანიშნულებას ართმევს. ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
