ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრებს, შალვა კერესელიძესა და ქეთევან ბაკარაძეს დაკითხავენ.
ორივე მათგანი დაცვის მხარის მოწმეა. სწორედ მათ მტკიცებულებებს იკვლევენ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
“ეს რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, დღეს გაგრძელდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა. ასევე, ჩვენი მხრიდან სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება პარტია “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე და [პარლამენტის წევრი] ქეთევან ბაკარაძე, რომლებიც უშუალოდ ადგილზე იყვნენ ჩასულები სოფელ ჩორჩანაში, გაესაუბრნენ მოსახლეობას, ადგილზე გაეცნენ ვითარებას. გარდა იმისა, რომ ისინი დეპუტატები არიან, ასევე არიან დეოკუპაციის საკითხა დროებითი კომისიის წევრები, ამიტომ მათ შეფასებებს მნიშვნელობა ექნება. არც ერთ გამომძიებელს, რომელიც ამ საქმეს აწარმოებდა, არც ერთ პროკურორს, რომელმაც ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, არ უცდია ერთხელაც კი, სოფელ ჩორჩანაში ჩასვლა და ადგილზე გაერკვია არსებული ვითარება. მეტსაც გეტყვით, ერთი ჩორჩანელი მოიყვანეს სასამართლო პროცესზე, რომელმაც ისიც კი არ იცოდა, რომ ჩორჩანაში საგუშაგო აიგო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე შეკვეთილი მართლმსაჯულებაა, გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუთი დაიწყო, როდესაც მან თქვა, რომ სასამართლო დონეზე აქვს მტკიცებულებები დალაგებული გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ფიზიკური თავდასხმაც, რომელიც 2025 წლის იანვარში განხორციელდა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც სასამართლოში ხორციელდება და საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა განხორციელდეს, ერთიანი პროცესის სხვადასხვა სურათია, რაც გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ხორციელდება”, – განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
