სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება მთავრობის ინიციატივას, რომელიც დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესის დაჩქარების მიზნით, ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემის პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს.
ორგანიზაციის შეფასებით, პროგრამა, მისი გაცხადებული შინაარსის გათვალისწინებით, არათუ ხელს შეუწყობს დევნილთა გრძელვადიან და ღირსეულ განსახლებას, არამედ საცხოვრისისა და დანაზოგის არმქონე ოჯახების უსახლკარობისა და კიდევ უფრო მეტი სოციალური გარიყულობის რეალურ რისკებს შექმნის.
SJC-ის თქმით, კომპენსაციის პროგრამა, კითხვებს არაერთი მიმართულებით აჩენს და ერთ-ერთი ასეთი საკითხი პროგრამის შინაარსსა და ტერმინოლოგიას უკავშირდება.
„ბუნდოვანია, თუ რა იგულისხმება ტერმინ „კომპენსაციაში”, რაც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას, უკავშირდება თუ არა ის საცხოვრებელთან დაკავშირებულ ზიანს, აქვს თუ არა დევნილს ვალდებულება, ეს თანხა გამოიყენოს განსახლების მიზნებისთვის, ხოლო თუ შეუძლია საკუთარი საჭიროების მიხედვით გამოყენება – მაშინ რატომ ანაცვლებს ეს „კომპენსაცია” მუდმივ საცხოვრებელზე მოთხოვნას.
კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს კომპენსაციის ოდენობა წარმოადგენს. პირველ რიგში, ბუნდოვანია კომპენსაციის დათვლის მეთოდოლოგია და ის, თუ რას ეფუძნება მისი ოდენობა. ამ მიმართულებით განმარტებები შესაბამის უწყებებს არ გაუკეთებიათ, რაც იმის ეჭვს აჩენს, რომ დადგენილი ოდენობა თვითნებურია და არ ეფუძნება საცხოვრებლის ბაზრის კვლევასა თუ სხვა რელევანტურ მონაცემებს.
კიდევ ერთ გამოწვევას კომპენსაციის ოდენობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი, შესაძლოა, არაერთი წევრისგან შედგებოდეს, რის შედეგადაც, კომპენსაციის ოდენობაც რამდენიმე ათეული ათასი ლარი იქნება, მისი ოდენობა საცხოვრებლების ამჟამინდელ ღირებულებას მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ეს აჩენს რისკებს, რომ დანაზოგის არმქონე დევნილების ოჯახები სახელმწიფოს მიერ გაცემული ფინანსური კომპენსაციით სახლის შეძენას ვერ შეძლებენ“, – წერია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საჯაროდ განმარტოს პროგრამის სამართლებრივი შედეგები.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პროგრამის ამოქმედებამდე საჯაროდ განმარტოს მისი სამართლებრივი შედეგები, დაასაბუთოს კომპენსაციის ოდენობის ადეკვატურობა და შექმნას მკაფიო გარანტიები, რომ დევნილი ოჯახები, რომლებიც მიღებული თანხით სათანადო საცხოვრებლის შეძენას ვერ შეძლებენ, არ დარჩებიან სახელმწიფოს შემდგომი მხარდაჭერის გარეშე. ამასთან, აუცილებელია გრძელვადიანი განსახლების არსებული პროგრამების გაძლიერება, მათი განხორციელების დაჩქარება და დევნილებისთვის საცხოვრებლის მიღების პროგნოზირებადი და გამჭვირვალე შესაძლებლობების შექმნა.” წერია განცხადებაში.
