“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, თენგო თევზაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის დაჩქარება ბიძინა ივანიშვილის მცდელობაა, საქართველოში დემოკრატია დაასრულოს და ერთპარტიული, ტოტალიტარული მმართველობა დაამყაროს. მისი თქმით, მიზანი პოლიტიკური სივრციდან პროდემოკრატიული ძალების ჩამოშორება და ქვეყნის რუსეთის ინტერესებისთვის გამოყენებაა.
“ივანიშვილის მხრიდან პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება და ამ პროცესის ასე დაჩქარება, პირდაპირი განაცხადია იმის, რომ საქართველოში ივანიშვილს აქვს სურვილი, რომ დემოკრატია დასრულდეს, ეროვნულ-დემოკრატიული ძალები მთლიანად ამოღებული იქნას პოლიტიკური ყოველდღიური ცხოვრებიდან, საქართველო გახდეს სახელმწიფო, რომელშიც არის მხოლოდ ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა, ტოტალიტარული რეჟიმი და რაღაც ჰიბრიდულ-კრიმინალური ტერიტორია, რომელსაც მხოლოდ ის დატვირთვა ექნება, რომ აქ რუსეთმა სანქციებს თავი აარიდოს, შავი ფულის გარეცხვა მოხდეს” – ამბობს თენგო თევზაძე.
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.
