„მინიშნებაა, რომ ბერკეტი მათ ხელშია – ეს ყველაფერი რუსეთმა შეიძლება საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენოს“, – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ჯერ საქართველოს“ წევრი ნიკოლოზ ალავიძე რუსეთის მიერ ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.
მისი შეფასებით, აღნიშნული ქმედება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მოწყვლადი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ეკონომიკა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების გამო. როგორც ალავიძე აღნიშნავს, საქართველომ წლების განმავლობაში ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, გაეძლიერებინა ქართული ღვინის საერთაშორისო ბრენდი და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება ისე მოეხდინა, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა.
„ეს კომპანიები, რომელთა პროდუქციაზეც შეზღუდვები დაწესდა, მაღალი ხარისხის პროდუქტით გამოირჩევიან. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ბაზრები საკმაოდ კარგად აქვთ დივერსიფიცირებული. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ასეთი კომპანიები ამ რისკის წინაშე დგანან, თუმცა არ ვიცით, მათ საერთო გაყიდვებში რა წილი უჭირავს რუსულ ბაზარს. შესაძლოა, ეს ბაზარი მათთვის გარკვეულწილად საიმიჯო მნიშვნელობის იყოს და არა მოცულობითი.
თუმცა, თავად გადაწყვეტილების ტონალობაა საყურადღებო. 2025 წელს ქართული ღვინის ექსპორტის დაახლოებით 65% რუსულ ბაზარზე მოდიოდა, ხოლო 2026 წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მზარდი იყო. ეს მხოლოდ ექსპორტის საკითხი არ არის – საქმე გვაქვს მთელი დარგის მოწყობასთან და რუსულ ბაზარზე მის დამოკიდებულებასთან.
აქ მთავარი მოთამაშეები მსხვილი კომპანიები არიან, რომელთა ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესებთან ასოცირდება და, ჩემი შეფასებით, მნიშვნელოვან საბიუჯეტო დახმარებასაც იღებენ. ამასთან, ეს ჯაჭვი გაცილებით ფართოა და რიგითი ფერმერებიდან იწყება. მასში შედიან გადამზიდავები, საწყობებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლები, შესაფუთი მასალების მწარმოებლები და სხვა ბიზნესები. როდესაც ექსპორტის ასეთი დიდი წილი დამოკიდებულია ბაზარზე, რომელსაც ერთი გადაწყვეტილებით შეუძლია ვაჭრობა შეზღუდოს, ეს მნიშვნელოვან რისკებს ქმნის როგორც დარგისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.
მისი შეფასებით, პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველომ სათანადოდ ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე უფრო მყარად დაემკვიდრებინა. ამასთან, ნიკოლოზ ალავიძე აღნიშნავს, რომ რუსეთი წლების განმავლობაში სავაჭრო შეზღუდვებს მეზობელ ქვეყნებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებდა, საქართველოს კი შეეძლო, ამ გამოცდილებიდან სათანადო დასკვნები გამოეტანა და ბაზრების დივერსიფიკაციაზე უფრო აქტიურად ემუშავა.
„რუსეთი სავაჭრო შეზღუდვებს ქვეყნის წინააღმდეგ ზემოქმედებისა და ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იყენებს. ეს ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენა, თუმცა იმ პერიოდის შემდეგ ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მცირე მარნებმა ახალ ბაზრებზე გასვლა შეძლეს. ეს მიმართულება უნდა განვითარებულიყო. სახელმწიფოს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს იმისთვის, რომ ქართული ღვინის სახელი, სტატუსი და ბრენდი საერთაშორისო დონეზე გაეძლიერებინა. საუბარი არ არის რომელიმე კონკრეტული პროდუქტის პოპულარიზაციაზე, საქმე ეხება ქართული ღვინის, როგორც საერთო ეროვნული ღირებულებისა და მოვლენის, საერთაშორისო პოზიციონირებას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. განაგრძეთ კითხვა
