არცერთ სამართალდამცველს, რომელსაც სერგი ყანჩელი ძალადობასა და სექსუალურ მუქარაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება ამ დრომდე არ შეჩერებიათ – სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.
მისი თქმით, რამდენიმე საათიანი გამოკითხვის დროს გამომძიებლებს მისი საქმის მიმართ ინტერესი საერთოდ არ გამოუჩენიათ.
როგორც ყანჩელი ირწმუნება, პროკურატურის წარმომადგენლებს მისთვის კითხვაც კი არ დაუსვამთ – “ყველა დეტალი მე თვითონ მოვუყევი. აღწერაც იმ პოლიციელების თვითონ მივეცი”.
“გამოკითხვის დროს არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ საერთოდ, არანაირი კითხვა არ დამისვეს. ყველა დეტალი მე თვითონ მოვუყევი. აღწერაც იმ პოლიციელების თვითონ მივეცი. არაფერი არ მკითხეს და როგორც ვიცი, ბევრი რაღაცა თავიდან არც ჩაწერეს. რაღაცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ უნდათ ამ საქმის გამოძიება და არ უნდათ იმ პოლიციელების პოვნა. დაზარალებული სტატუსი ჯერ არ მაქვს. ძალიან ბევრი ნაწილი გამოძიების ჯერ არც დაწყებულა და იმედი მაქვს, რომ მალევე დაიწყებენ. არ მჯერა, რომ რამე გამოიძიონ. ყველანაირად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან და ყველაფერს გავაკეთებ. ყველამ იცოდა იმ პოლციელებზე, ვინ იყვნენ და რა დანაშაული ჩაიდინეს”, – ამბობს სერგეი ყანჩელი.
სერგეი ყანჩელის საქმეზე ადვოკატებმა საგამოძიებო ორგანოს ხელახლა მიმართეს და არაერთი საგამოძიებო მოქმედების დაუყოვნებლივ ჩატარება მოითხოვეს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, 9 ოქტომბერს ყანჩელმა მრავალსაათიანი გამოკითხვის ფარგლებში პროკურატურას მის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა ადვოკატების ცნობით, ამ დრომდე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
