ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიაში შემობრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს თავი იჩინა კორუფციამ.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე, “ტვ პირველების” კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, 14 წლიანი მმართველობის პერიოდში კორუფცია არ იყო პრობლემა.
კობახიძე ამბობს, რომ მას და მის გუნდს წელიწადი და ხუთი თვე დასჭირდა, რომ პრინციპულად გადაელაგებინათ სისტემა.
“ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლების ზედა ეშელონები მთლიანად გაწმენდილია კორუფციისგან.
“კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა. შეგიძლიათ სხვა პრემიერ-მინისტრები გაიხსენოთ, მაგალითად, გახარიასთან დაკავშირებით, შეიძლება იყო ერთი-ორი შემთხვევა, რომელზეც ჭორაობდნენ, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო, ერთი სამეგრელოში და მეორე შიდა ქართლში, მაგრამ ეს იყო პატარა “ქართულ-ჯიგრულ პონტში”, როგორც თავად ამბობდა. სისტემურ კორუფციაზე არავინ საუბრობს გახარიას პერიოდში.
ასევე ბახტაძის პერიოდში არავითარ კორუფციაზე არ საუბრობდნენ, არც კვირიკაშვილის პერიოდშია საუბარი სისტემურ კორუფციაზე.
კორუფციამ თავი იჩინა და ამ მხრივ ორი წელი იყო კრიტიკული, თუმცა როგორც კი ეს პრობლემები გამოვლინდა, მაშინვე გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და პოლიტიკაში შემობრუნდა. შემდეგ ამ განაცხადის აღსრულება დავიწყეთ და ეს ყველაფერი ძალიან ეფექტურად გავაკეთეთ.
ძალიან თამამად ვსაუბრობთ ამ თემაზე, ჩვენი სისტემა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების ზედა ეშელონები მთლიანად გავწმინდეთ კორუფციისაგან. ქვედა დონეზე, რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ზედა დონეზე სისტემა კორუფციისაგან მთლიანად გაწმენდილია. ეს არის ძალიან მძიმე სამუშაო პროცესი, წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა, რომ პრინციპულად გადაგველაგებინა სისტემა.
თვითონ ირაკლი ღარიბაშვილს არც არავინ შეუწირავს და არც არავის შეწირვის რესურსი მას არ აქვს. არაა აქტუალური, არც გუნდში და არც საზოგადოებაში, არც მისი წერილები და არც თავად ის. კორუფცია არის ძალიან ცუდი, მხოლოდ ეს შემიძლია გავიმეორო.
ჩვენ ვიყავით თანაგუნდელები ვიყავით და სამწუხაროდ სხვანაირად გაგრძელდა პროცესები, ძალიან სამწუხაროა ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან სამწუხაროა კონკრეტული განცხადებები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
