სოხუმის აეროპორტში ალტაის მხარის ბარნაულიდან ისტორიაში პირველად პირდაპირი სამგზავრო რეისი შესრულდა. ინფორმაციას “აფსნიპრესი” ავრცელებს.
ბარნაული-სოხუმის მარშრუტზე რეისები ყოველკვირეულად, პარასკევობით შესრულდება. პირველი რეისით ალტაიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 258 მგზავრი ჩავიდა.
ამასთან, “აფსნიპრესის” ცნობით, სოხუმის აეროპორტი შერემეტიევოში პირდაპირ რეისებს ზამთრის გრაფიკით შეინარჩუნებს. კერძოდ, 28 ოქტომბრიდან შერემეტიევოს აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი რეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათობით და შაბათობით შესრულდება.
ფრენები სანქცირებული ავიაკომპანია Ikar-ის Embraer A190-ისა და, ასევე, სანქცირებული Nordwind Airlines-ის Airbus A320-ის მოდელის თვითმფრინავებით შესრულდება.
შერემეტიევოს გარდა, ზამთრის სეზონზე სოხუმიდან რეისები მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში, სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგსა და ყაზანში არის ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის: უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად კრასნოდარის მხარის აეროპორტებში შეზღუდვების გამო რუსული ავიაკომპანიები ფრენების განრიგს ცვლიან. მათ სოჭში და სოჭიდან რამდენიმე რეისი გააუქმეს და პროგრამის ნაწილი სოხუმით ჩაანაცვლეს.
