2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის ზრდა ასახული არ არის – განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გააკეთა.
“ამ ბიუჯეტში ამ ეტაპზე დეპუტატების ხელფასები საერთოდ არ არის. აქვე ვიტყვი, რამდენია და რა გამოვა ერთ წელიწადში რომ მოემატოს – გამოდის მილიონზე ცოტა მეტი – მილიონ 300. რომ წარმოვიდგინოთ, პენსია რომ 10 ლარით გაიზარდოს, 111 მილიონი უნდა ანუ პენსიის 1 ლარით გაზრდას 11 მილიონი ლარი უნდა. დეპუტატებისთვის მილიონზე მეტით მატება პენსიონერს რამდენიმე თეთრის დამატება გამოუვა ანუ ეს ერთმანეთთან ვერანაირად ვერ იქნება კავშირში, როგორც სურთ რომ დააკავშირონ“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდილია 2.5 მილიარდი ლარით და გაზრდილი ბიუჯეტის 80% სოციალურად არის ორიენტირებული.
კვიჟინაძის თქმითვე, 555 მილიონი პენსიების მატებაზე მიდის, 125 მილიონით ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება და 520 მილიონით იზრდება “ჩვეულებრივი ადამიანების“, მათ შორის მასწავლებლების, მუშების და სპეციალისტების ხელფასები.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შესაძლოა, პენსიის თანხა დაკორექტირდეს და 2027 წლიდან, 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარზე მეტით გაიზარდოს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით იმ წინადადებებს, რეკომენდაციებს, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარლამენტის მხრიდან. ამავდროულად, გავაანალიზებთ რესურსს. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელი იქნება, რომ გაიზარდოს. ვერ ვიტყვი, რომ ყველა წინადადება, რომელიც დაყენებული იყო კომიტეტების მხრიდან, გათვალისწინებული იქნება, თუმცა მათთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მაქსიმალურად დაფინანსდეს ის მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად პრიორიტეტულია 2027 წლისთვის. მათ შორის, ზუსტად ვერ ვიტყვი პენსიებთან მიმართებაში, კომიტეტზე დაყენებული იყო 380-დან 400 ლარამდე [ზრდა]. ამის რესურსი სავარაუდოდ იქნება, შეიძლება სხვა მოცემულობა იყოს. ჩვენ კომიტეტებთან ვიმუშავებთ და ერთ-ერთი მიმართულება, რა თქმა უნდა, იქნება პენსიების ზრდა – ამ შემთხვევაში ვგულისხმობ 70 წლამდე ასაკის პენსიას. ვიმუშავებთ ამ საკითხზე. კონკრეტულ ციფრებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ,” – განაცხადა კაკაურიძემ.
ცნობისთვის, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში, ამ დროისთვის, 70 წლამდე პირების პენსიის 20 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, მნიშვნელვნად იზრდებოდა პარლამენტის წევრების ხელფასები, რასაც საზოგადობის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
