ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე რუსეთის მიერ ქართულ კომპანიებისთვის დაწესებულ აკრძალვებს საქართველოს ხელისუფლების “დანაშაულებრივი პოლიტიკას” უკავშირებს.
“დაუდგები რუსეთს მუხლებზე, მოგთხოვს ხოხვას” – ამბობს რომან გოცირიძე.
ეკონომისტი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს რაღაც არ შეუსრულა და სწორედ ამის გამო დააწესა იმპორტზე აკრძალვა აგრესორმა სახელმწიფომ.
“ფაქტობრივად გამოგვიცხადა ემბარგო. პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ის, რაც ახლა მოხდა. დაუდგები რუსეთს მუხლებზე, მოგთხოვს ხოხვას. როგორადაც არ უნდა შეუსრულო რუსეთს დავალება, საბოლოო ჯამში ის არასდროს იქნება კმაყოფილი და ყოველთვსი მეტსა და მეტს მოითხოვს. აი პირველივე უკმაყოფილების მომენტში თუ როგორ გამოავლინა ამ ბოროტმა სახელმწიფომ, აგრესორმა საკუთარი ბუნება. ეტყობა, საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც ვერ შეუსრულა, ვერ შეუსრულა იმის გამო, რომ ორ ცეცხლ შუა იწვის”, – ამბობს რომან გოცირიძე.
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს.
აკრძალვა შეეხოთ შემდეგ კომპანიებს:
„თელიანი ველი“;
„თბილღვინო“;
„ძმები ასკანელები“;
„ვაინმენი“;
„ქართული ლუდის კომპანია“;
„კოკა-კოლა“;
„ნაბეღლავი“.
დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით“
მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის უვნებლობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით: „თუ დადგინდება ამ წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების არსებობა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“.
