პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებაში სერგეი ყანჩელის გამოკითხვა იწყება – აქტივისტი, რომელმაც პოლიცია რამდენიმე მძიმე დანაშაულში ამხილა, გამომძიებლებს სხვა ქვეყნიდან ერთვება.
ცემა სასაფლაოზე, დანით დასერილი ტანი და მუქარა სექსუალური ძალადობით – ეს არის იმ ამბის მცირე ჩამონათვალი, რაზეც ახალგაზრდა კაცი გამომძიებლებთან აპირებს საუბარს.
ადვოკატები ამბობენ რომ პოლიციელებმა სხვა დანაშაულიც ჩაიდინეს, რომლის შესახებაც დაზარალებული დღეს ილაპარაკებს.
“ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას”. – განუცხადა “ტვ პირველს” აქტივისტის ადვოკატმა.
უფლებადამცველებს პროკურატურაში მიტანილი აქვთ ფოტოები, რომელზეც 27 სეტქმბერს განხორციელებული ძალადობის შემდეგ სერგეის სხეულზე დაზიანებებია აღბეჭდილი.
“როდესაც 27 სექტემბერს სერგეი დაგვიკავშირდა, ბუნებრივია მას დავაფიქსირებინეთ ფოტოების სახით ის დაზიანება, რაც მას მიღებული ჰქონდა, შემდეგ უვკე 7 ოქტომბერს პროკურატურას მივმართეთ განცხადებით. ამ განცხადებას დავურთეთ აღნიშნული მასალები. მას არ მიუმართავს ექიმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება, ჰქონდა, თავი შეიკავა, გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები მას დაუსვამდნენ შეკითხვას, როგორ მიიღო ეს დაზიანება. ამიტომ იმდენად იყო შეშინებული და თან გადაწყვეტილი ჰქონდა ქვეყნის დატოვება და იმის გამო, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე, ამის გამო არ მიმართა ექიმს. ამიტომ ახლა ამ ფოტოებს თარიღების მიხედვით არის გადაღებული და წარვუდგენთ საგამოძიებო ორგანოს. ობიექტური გამოძიების იმედი რა თქმა უნდა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოხდეს ამის სრული ფიქსაცია იმისთვის, რომ შემდგომში უკვე სტრასბურგის სასამართლოში წავიღოთ ეს საქმე”, – აცხადებს ადვოკატი.
ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
