თავდაცვის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის ხარჯების შემცირება მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ პროექტების ნაწილი სრულდება, ხოლო შეიარაღებაზე 375 მილიონია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ მცირდება თავდაცვის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის ხარჯები მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია.
ამასთანავე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საბიუჯეტო პრიორიტეტები სწორად არის გადანაწილებული. მისი თქმით, „ყველაზე მეტად იზრდება სოციალური, განათლება და ამის შემდეგ არის თავდაცვაც.”
“თავდაცვის ბიუჯეტი არის 1 მილიარდ 600 მილიონი ლარის ოდენობით დაახლოებით და რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, გათვალისწინებულია დაახლოებით 375 მილიონი ლარი შეიარაღების ნაწილში, 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რაც შეეხება ლოჯისტიკას, არის ის ხარჯები, რაც სჭირდება მიმდინარე ექსპლუატაციის ხარჯებს, თითოეულ ბრიგადას.
ყველაზე მეტად იზრდება სოციალური, განათლება და ამის შემდეგ არის თავდაცვაც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გათვალისწინებულია როგორც შეიარაღების ნაწილი, ასევე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
რაც შეეხება ხელფასებს, ჯარისკაცების ხელფასების ზრდა არის მნიშვნელოვანი მიმართულება, ვინაიდან სწორედ ეს ადამიანები არიან, ვინც პირველ ხაზზე დგანან და მათ დაფასება არის აუცილებელი. 8 მილიონით მცირდება ინფრასტრუქტურის დაფინანსება. ჯამში 150 მილიონზე მეტი გათვალისწინებული, რაც ხმარდება დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას”, – განაცხადა კაკაურიძემ.
