დსთ-ს გაცილებით მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ სავაჭრო ბარიერების მოხსნის გზას დაადგება. ზოგიერთი ეროვნული შეზღუდვა მხოლოდ აფერხებს თანამეგობრობის ფარგლებში ვაჭრობის განვითარებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქმენეთში, დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.
„შესაძლებელია თუ არა კიდევ უფრო სწრაფად წინსვლა? ალბათ, შესაძლებელია. ამისათვის რა უნდა გავაკეთოთ? ბარიერები უნდა მოვხსნათ“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა. მისი თქმით, დსთ-ს ფორმატმა თანამეგობრობის ქვეყნებს საშუალება მისცა შეენარჩუნებინათ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები.
პუტინის განცხადებით, ეკონომიკა იყო და რჩება თანამეგობრობის ფარგლებში თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ. „დსთ-ს ქვეყნები მჭიდრო თანამშრომლობას ინარჩუნებენ ვაჭრობის, ინვესტიციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. რა თქმა უნდა, სასურველია კიდევ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ და უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ ამ სფეროში”, – აღნიშნა პუტინმა.
ცნობისთვის, დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრა თურქმენეთში მიმდინარეობს, სადაც პუტინი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის დაესწრება კასპიის გარემოსდაცვითი სამიტსაც, რომელიც ასევე დღეს გაიმართება.
