ხშირად მოგვიწოდებენ, განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტის, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი , – ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას.
პრემიერის თქმით, რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს.
„თქვენ იცით, ხშირად მოგვიწოდებენ, განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი.
რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონი, უზენაესი საბჭო უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში, ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, დოკუმენტები. ქართული საზოგადოებისთვის ეს აღარ არის საინტერესო“,- აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია – „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” – 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში, რომელიც გუშინ, აღნიშნულ საკითხზე დებატების გამართვამდე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს. ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს.
