აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქციების სიებიდან 285 პირისა და სუბიექტის ამოღების მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კვლავ სანქცირებულია.
OFAC-მა სანქციების სიების გადახედვის ფარგლებში სამი ეტაპი ჩაატარა – 28 მაისს სიიდან 76, 27 ივლისს 84, ხოლო 5 ოქტომბერს 125 პირი და სუბიექტი ამოიღო. ბოლო ეტაპზე დამატებით 22 ჩანაწერის მონაცემები განახლდა. ივანიშვილი სანქციების სიიდან არცერთ ეტაპზე არ ამოუღიათ და მისი სტატუსი უცვლელია. OFAC-ის მოქმედ სიაში ის კვლავ სანქცირებულ პირად არის მითითებული.
აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის 27 დეკემბერს აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე დაასანქცირა. მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირს უთხრიდა.
