პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აქტივისტი სერგი ყანჩელი საქართველოს პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში, იარაღით მუქარასა და სექსუალური კავშირის დამყარების იძულებაში ადანაშაულებს. აქტივისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ შესაბამისი პირების მიმართ საჩივარი უკვე შეიტანა, რათა მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს.
მისი მონაყოლის მიხედვით, 27 სექტემბერს, სარბენად იყო, როდესაც პოლიციამ – ჯამში 6-მა პირმა გააჩერა, გადაიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით დაუზიანეს სახე და მიბჯენით იარაღით ემუქრებოდნენ. ასევე, მისი განცხადებით, აიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას და „ეს წამება“ გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში.
