ირაკლი კობახიძემ პაატა ბურჭულაძის შვილი “პავლიკა მოროზოვს” შეადარა, რითაც შუქრი ბურჭულაძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე საუბრობდა.
პავლიკა მოროზოვი იყო საბჭოთა პროპაგანდის მიერ შექმნილი საკულტო ფიგურა, „გმირი პიონერი“, რომელიც იქცა სახელმწიფო ლოიალობის, საკუთარი ოჯახის ღალატისა და „ჩაშვების ინსტიტუტის“ სიმბოლოდ.
კობახიძემ დღეს კომენტარი გააკეთა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და თქვა, რომ აღიარება და მონანიება, მისასალმებელია.
„თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა, დანაშაული ჩაიდინა და თუკი ვინმე მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირებაში იგულისხმება შესაბამისი პირების გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი დანაშაული, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, რომ აღიარების შემთხვევაში, გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.
რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ეს მეტყველებს მათ მორალზე, ის, რომ თან არეულები არიან ამ განცხადებებში, ზოგი აქებს, ზოგი არ აქებს, ზოგი პირიქით ლანძღავს ასეთ ადამიანებს, ზოგი ციხის გარეთაა, თვითონ იყო თანამონაწილე ძალადობრივი პროცესების და ახალ იმას აკრიტიკებს, ვინც ციხეშია მოხვედრილი, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ადამიანების მორალზე. რადიკალურ ოპოზიციაში არავის აქვს მორალი, არცერთ ადამიანს.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას, ზოგადად, პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“. ეს განცხადებაც ამის დასტურია. სხვა შვილების განცხადებებიც გვახსოვს, ჩახუნაშვილთან დაკავშირებით. ახალგაზრდა „ნაცი” არის გამორჩეული პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგიით, რაც მძიმე მოვლენაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი – მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.
