ევროსკოპი იტყობინება, რომ იმ რეზოლუციის პროექტის შეჯერებული ვარიანტი ნახა, რომელზეც დებატები დღეს საღამოს სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტი რომელიც ევროსკოპმა ნახა, 6 პუნქტიანია
მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გაწვევას;
ხაზს უსვამს, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და რომ ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზით გაუქმება დემოკრატიასთან შეუთავსებელია;
აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა ანგრევს რეჟიმის აქამდე არსებულ ნარატივს, თითქოს ის მხოლოდ „ბოიკოტის რეჟიმში მყოფ“ პარტიებს უმიზნებდა.
მოითხოვს იმ დებულებების გაუქმებას, რომლებიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პარტიებისა და პირების მიმართ არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა;
გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად;
მოუწოდებს, შეწყდეს ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ; იხსენებს მის არაერთ გაფრთხილებას, რომ დამკვიდრებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო დააშორებს და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართულ ნებისმიერ წინსვლას შეუძლებელს გახდის”- წერია განცხადებაში.
