რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება საერთაშორისო ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა ამ ეტაპზე შემთხვევის ოფიციალური მიზეზი დადასტურებული არ არის. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, შავი ჭირი იმ დაავადებებს მიეკუთვნება, რომლის გავრცელებაც შესაძლოა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ გლობალურ პრობლემად იქცეს. მისი შეფასებით, ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
„ზოგადად, შავი ჭირი მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომლის გავრცელებაც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, რეალურად, გლობალური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა“,- განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძის შეფასებით, მსგავს შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან შავი ჭირის გავრცელება ერთ ქვეყანაში დარჩენილ პრობლემად არ უნდა განიხილებოდეს.
„ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“. არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როდესაც, თუნდაც ერთ ნაწილში, ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა“,- განაცხადა მან.
რაც შეეხება საქართველოსთვის შესაძლო საფრთხეს, ივანე ჩხაიძის თქმით, შემთხვევა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მოხდა, საიდანაც საქართველოსთან ინტენსიური მიმოსვლა არ არის. შესაბამისად, მისი შეფასებით, საქართველოში ინფექციის შემოტანის ალბათობა მცირეა.
„თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, აქ შემოაღწიონ, თუმცა ამის ალბათობა მცირეა. არ მგონია, ეს საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება, ისე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვალყურს უნდა ადევნებდეს და ადევნებს კიდეც მიმდინარე პროცესებს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
რა არის ცნობილი ლაბორანტის გარდაცვალებაზე?
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის ლაბორანტი, დარია შიპილოვა გარდაიცვალა.
გავრცელებული ვერსიის თანახმად, მისი დაინფიცირება შესაძლოა შავი ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარის შემთხვევით გატეხვას უკავშირდებოდეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზი ფილტვისმიერი, ანუ პნევმონიური შავი ჭირი იყო.
თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური — „როსპოტრებნადზორი“ — უარყოფს.
უწყების განცხადებით, დარია შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, პაციენტის ორგანიზმში მისი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა.
„როსპოტრებნადზორში“ ასევე აცხადებენ, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.
შესაბამისად, ამ ეტაპზე შავი ჭირით ლაბორანტის დაინფიცირება და ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. საქმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები ახლავს.
ივანე ჩხაიძის თქმით, ლაბორანტის გარდაცვალების ფაქტი ყურადღების განსაკუთრებულ გამახვილებას მოითხოვს, თუმცა საბოლოო სურათის შესაფასებლად დამატებითი ოფიციალური ინფორმაციაა საჭირო.
