კორნელის უნივერსიტეტში სავარაუდო ჯგუფური გაუპატიურების საქმემ აშშ-ში ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური გამოხმაურება გამოიწვია. საქმე ეხება 2024 წლის ოქტომბერში უნივერსიტეტის Chi Phi-ს საძმოს სახლში მომხდარ ამბავს, სადაც ახალგაზრდა ქალის, რომელიც საქმეში Jane Doe-ს სახელით ფიგურირებს, განცხადებით, მასზე შვიდმა მამაკაცმა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ საათობით იძალადა.
ქალის მიერ შეტანილ სამოქალაქო სარჩელს, უნივერსიტეტის შიდა გამოძიების მასალებსა და ახლახან გასაჯაროებულ მიმოწერებს საქმეში ახალი დეტალები შეაქვს. პარალელურად, გაირკვა, რომ მომხდართან დაკავშირებით 2024 წელს დაწყებულ გამოძიებას პროკურატურა ახლა ხელახლა ატარებს.
“ოთახში სხვებსაც უხმობდნენ“ – რა მოხდა იმ ღამეს
სარჩელის მიხედვით, Jane Doe 2024 წლის 19 ოქტომბერს Chi Phi-ს საძმოს სახლში წვეულებაზე მივიდა. მანამდე მას ალკოჰოლი სორორიტეტის (ქალთა სტუდენტური გაერთიანება) სახლში და ორ ბარში ჰქონდა მიღებული.
ქალის განცხადებით, საძმოს სახლში მან ალკოჰოლის მიღება განაგრძო და ნარკოტიკული ნივთიერებებიც მიიღო. მისი თქმით, ერთ-ერთი ნივთიერება, რომლის მოხმარებაც აიძულეს, კეტამინი იყო.
სარჩელის მიხედვით, თავდაპირველად ქალი სექსუალურ აქტში მონაწილეობას დათანხმდა, თუმცა შემდეგ გონება დაკარგა. სწორედ ამის შემდეგ, მისი მტკიცებით, მასზე შვიდმა მამაკაცმა იძალადა.
საქმის ახალ მასალებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმ ღამის მიმოწერები. გამოძიების დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საძმოს წევრები ერთმანეთს Snapchat-ის ჯგუფში უკავშირდებოდნენ და ზედა სართულზე სხვა ადამიანების მისვლასაც მოუწოდებდნენ.
ერთ-ერთ შეტყობინებაში საუბარი იყო “ზემოთ უფასო სექსზე”.
“თავს სატყუარად ვგრძნობდი. თითქოს ლომები მეხვეოდნენ გარშემო“, – ამბობს ქალი. დაზარალებულის სარჩელის მიხედვით, სავარაუდო ძალადობა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
“ჩემი რეპუტაცია განადგურებულია“ – რა მოხდა მომდევნო დღეებში
მომხდარის შემდეგ Jane Doe-სა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის მიმოწერა გაგრძელდა. 23 ოქტომბერს ქალი მას წერდა, რომ მისი რეპუტაცია განადგურებული იყო და მომხდარის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.
30 ოქტომბერს მან იმავე მამაკაცს მისწერა, რომ Chi Phi-ს ღონისძიებაზე აღარ მიიწვიეს.
“ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა. ქალი ყოველთვის წაგებული რჩება“, – წერდა ქალი.
7 ნოემბერს ერთ-ერთმა მამაკაცმა მას მისწერა, რომ შიშობდა, თავდამსხმელად არ გამოეცხადებინათ. ქალმა უპასუხა, რომ მის შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ იცოდა გავრცელებული ჭორების შესახებ.
რატომ განახლდა გამოძიება ორი წლის შემდეგ
2024 წლის ნოემბერში ქალის განცხადება ტომპკინსის ოლქის პროკურატურას გადაეცა, რომელმაც მაშინ ბრალის წარდგენა არ მიიჩნია საჭიროდ. საქმე ორი წლის შემდეგ, 2026 წლის სექტემბერში, კვლავ გაიხსნა.
ტომპკინსის ოლქის პროკურორმა მეთიუ ვან ჰაუტენმა განაცხადა, რომ გამოძიების განახლების მიზეზი ახალი გარემოებები და საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გახდა. მანამდე, 16 სექტემბერს, Jane Doe-მ კორნელის უნივერსიტეტის, Chi Phi-ს საძმოს, სორორიტეტისა და შვიდი მამაკაცის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოკულმა შტატის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი სპეციალურ პროკურორად დანიშნა.
ჰოკულის განცხადებით, ახლად გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ სერიოზული კითხვები გააჩინა როგორც კორნელის პოლიციის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან, ისე ტომპკინსის ოლქის პროკურატურის 2024 წლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მუქარები და ქალის ვინაობის გასაჯაროების მცდელობა
საქმის ხელახლა გააქტიურებას ქალის მიმართ მუქარებიც მოჰყვა. Jane Doe-ს ადვოკატის, თომას ჯუფრას განცხადებით, მის კლიენტს არაერთხელ დაემუქრნენ და სთხოვდნენ, სარჩელი უკან გაეწვია. ადვოკატის თქმით, მასაც დაემუქრნენ.
პარალელურად, სოციალურ ქსელებში დაიწყო Jane Doe-ს ვინაობის დადგენისა და გასაჯაროების მცდელობები.
ადვოკატმა თომას ჯუფრამ CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ Jane Doe-ს უნივერსიტეტიდან წასვლა და სახლში დაბრუნება სურდა, რათა მომხდარის შემდეგ მდგომარეობიდან გამოსულიყო. მისი თქმით, ქალის მშობლებმა კორნელისგან სწავლის საფასურის დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა უნივერსიტეტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის გამო, ჯუფრას განცხადებით, ქალი კიდევ ერთი სემესტრი დარჩა უნივერსიტეტში და იმავე მამაკაცებს კამპუსში ხვდებოდა.
ჟურნალისტმა და კომენტატორმა მაიკლ ტრეისიმ სოციალურ ქსელში ქალის სავარაუდო სახელი გამოაქვეყნა, თუმცა პოსტი მალევე წაშალა. Reuters-ის ცნობით, ქალის ვინაობის ნამდვილობის დადასტურება ვერ მოხერხდა.
მომხდარს სოციალურ ქსელებში სოლიდარობის კამპანია მოჰყვა – ქალები ჰეშთეგით #IamJaneDoe საკუთარ თავს იმავე სახელით მოიხსენიებდნენ და მხარდაჭერას გამოხატავდნენ.
კორნელის უნივერსიტეტი საძმოების როლს გადახედავს
საქმემ კორნელის უნივერსიტეტში საძმოებისა და სორორიტეტების კულტურის შესახებ დისკუსიაც გააჩინა. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მაიკლ კოტლიკოფმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტი შეისწავლის ასეთი ორგანიზაციების როლს კამპუსში.
მისი თქმით, საძმოები და სორორიტეტები სტუდენტებისთვის მეგობრობის, მხარდაჭერისა და საზოგადოებრივი კავშირის წყარო უნდა იყოს, თუმცა ჯგუფის წევრობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ვერ გააქრობს.
Chi Phi-ს საძმო უნივერსიტეტმა 2024 წელს დახურა და ის კამპუსში კვლავ აკრძალულია.
საძმოს წარმომადგენლის განცხადებით, საქმეში ბრალდებული ყველა წევრი კორნელის პოლიციაში განცხადების შეტანიდან სამ დღეში გარიცხეს. საქმეში ბრალდებული მამაკაცების ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ.
რა მოხდა 2024 წლის ოქტომბრის იმ ღამეს და ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ ეტაპზე ბრალდებები დადასტურებულ ფაქტად არ არის მიჩნეული.
