2025 წლის 4 ოქტომბრის აქციამ ოპოზიციის სრული კრახი გამოიწვია, ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ „თავისი თავი კრახამდე მიიყვანა“.
„ის, რომ პარლამენტში 61 დეპუტატი არ ზის და ხელისუფლებას იპონირებას არ უწევს, ეს მათი და მათი პატრონების „დამსახურებაა“. ის, რომ მათ ლეგიტიმურ ორგანოებში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ქუჩის აქციებზე და რევოლუციურ სცენარებზე გადაიტანეს ყურადღება, ეს ოპოზიციას აუცილებლად მიიყვანდა ამ კრახამდე. მათ ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო და ერთი ხელის კვრაღა იყო დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდა. თქვენ გახსოვთ ამ აქციის ორგანიზატორების გამონათქვამები – 4-ში ყველაფერი დამთავრდება და ისინი ფაქტობრივად ჩამოშლილები არიან. ისინი თავს ყოველთვის ასე იიმედებდნენ, პატრა ძალისხმევაღა იყო დარჩენილი და ის გააკეთეს, რაც „აირაის“ ბოლო გამოკითხვებმა მოიტანა. თავისი თავი კრახამდე მიიყვანეს, არავის დახმარება არ დასჭირვებიათ“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ბრიუსელი არასდროს აღიარებს, რომ ამ პროცესებს აფინანსებდა.
„8 ოქტომბრამდე ერთი თუ ორი დღით ადრე ევროკავშირის პრესსპიკერი გამოვიდა და მიესალმა თბილისში დემოკრატიულ პროცესებს. თუმცა წინასწარ დაანონსებული იყო დამხობის სცენარი. სიტყვა დამხობა ჩვენ ხომ არ მოგვიფიქრებია? წინ თავსართად რას წარუდგენ დემოკრატიულ დამხობას თუ ლამაზ დამხობას, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. დამხობა დამხობაა. მაშინ ბრიუსელი ამას მიესალმა. ამ რევოლუციურ და უკანონო პროცესებს აფინანსებდნენ. კრახამდე მიიყვანეს ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს თავის თავს ოპოზიციას უწოდებენ. თუმცა მათ უმეტესობას დღეს პულსიც აღარ ესინჯება.
ბრიუსელი თავს არ დაიდანაშაულებს. არ იტყვიან იმას, რომ უზარმაზარი შეცდომა დავუშვით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ შეცდომა დავაშვებინეთ იმ ხალხსაც, ვინც საქართველოში მათი „ადეპტები“ არიან. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ოდესმე ამას აღიარებდნენ. მათ ამის აღიარება უძნელდებათ. ერთ შეცდომას მეორეს ამატებენ, მეორეს მესამეს და ჩაკეტილ წრეზე ტრიალებენ. ჩვენ ნიშნის მოგებით არავის დაველაპარაკებით და ბრიუსელსაც მოვუწოდებთ, ზემოდან არ დაგხედავთ და არ გეტყვით, ხედავთ კიდევ ერთხელ შეცდით. დავსხდეთ, გავარკვიოთ, უარი თქვით ამ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში არაკონსტიტუციურ პროცესებზეა გათვლილი და თუ ყველაფერი ჩვენს ურთიერთობებში ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. უბედურება ის არის, რომ ისინი ამისთვის მზად არ არიან“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
