კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სანქციებთან დაკავშირებით ALDE Party-ის მოწოდებას „ჩალის ფასი აქვს“ და მის შესაძლო შედეგებს „ნულოვანი ეფექტი“ ექნება. თბილისის მერი ისევ ამტკიცებს, რომ ” ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ არასამართლიან დამოკიდებულებას აქვს ადგილი.
“ეფექტი ექნება ნული. ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით, იმიტომ, რომ როდესაც შენ გაქვს არასამართლიანი დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყნებთან, კონკრეტულ მთავრობებთან იმ მიზნით, რომ იქ შენი აგენტურა მოვიდეს ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, შანსი აქვთ ნული. ჩვენთვის რა არის მთავარი? ვიმოქმედოთ ისე და გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესს დაიცავს” – ამბობს კახა კალაძე.
ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ – ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
ALDE-ს პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოიტიენი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს შესაბამისი წერილით მიმართავენ.
