„ტვ პირველმა“ ძმები ფეიქრიშვილების გახმაურებული საქმის ახალი დეტალები გაარკვია. არსებული ინფორმაციით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების წინააღმდეგ საქმეში მათი უახლოესი გარემოცვის წევრების ჩვენებები ფიგურირებს. გამოძიება ძმებს 10 მილიონი ლარის უკანონო ლეგალიზებას ედავება.
გამოძიების ვერსიით, გაშიფრულია სქემაც, რომლის საშუალებითაც უკანონო წარმომავლობის თანხები ინდივიდუალური პირებისა და საბანკო ანგარიშების გავლით საბოლოოდ ძმები ფეიქრიშვილების ანგარიშებზე ხვდებოდა.
თუმცა, საქმის დეტალების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დრომდე უცნობია – გამოძიებამ ფეიქრიშვილების სისხლის სამართლის საქმის მასალები გაასაიდუმლოვა.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ, გამოძიების ვერსიით, ძმები დანაშაულებრივ საქმიანობას ექვსი წლის განმავლობაში ეწეოდნენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა მათთან ნდობით დაკავშირებული პირები შეცდომაში შეიყვანეს და ამ ადამიანების ანგარიშების გამოყენებით, წლების განმავლობაში, გაურკვეველი წარმომავლობის თანხებს საკუთარ ანგარიშებზე რიცხავდნენ.
“მარტივად რომ ვთქვათ, მათ ხელთ არსებული დაუსაბუთებელი ნაღდი ფული მათი გარემოცვის წევრების მიერ თავსდებოდა საბანკო ანგარიშზე, თუმცა ვიდრე ფეიქრიშვილების კონტროლირებად ანგარიშზე მოხვდებოდა ეს თანხერბი, სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა პირის ანგარიშზე გადადიოდა ეტაპობრივად და შესაბამისად, არაერთი ქმედებაა განხორციელებული იმისთვის, რომ მიეცათ კანონიერი სახე. მთელ ჯაჭვზე ვსაუბრობთ ჩვენ. ბუნებრივია, ეს საკითხები დაზუსტდება მოგვიანებით და უკვე არსებითი განხილვის საგანი იქნება.
რაც შეეხება გარემოცვას და პირთა წრეს, ვინაიდან ამ ეტაპზე გამოკითხულია ნაწილი და ბუნებრივია, უნდა გაგრძელდეს გამოკითხვები, მე ამ ადამიანების სახელებზე და გვარებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ცალსახად დაკავსირებული არიან ამ ადამიანთან. შესაძლოა, ვსაუბრობდეთ მათთან დასაქმებულ პირებზე, ასევე ოჯახის წევრებზე… დანარჩენ დეტალებზე ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, გამოძიებას აქვს თავისი სტრატეგია” – ამბობს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
“ტვ პირველის” კითხვას, მფარველობის გარეშე როგორ მოახერხეს ძებმა ამ სქემის განხორციელება, პროკურორპირვი ასე პასუხობს:
“მე არ მესმის “მფარველში” რას გულისხმობთ, აქ საუბარია დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე” – ამბობს პროკურორი.
“ტვ პირველი” ასევე დაინტერესდა, არსებობს თუ არა ვარაუდი, რომ ძმები ფეიქრიშვილების სახელი შესაძლოა უკანონო ქოლცენტრებთან იყოს კავშირში, რაზეც ბრალდების მხარე ამბობს, რომ აღნიშნულს ვერ დაადასტურებს და ვერც უარყოფს.
“როგორ გითხრათ, სამომავლო ვარაუდებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გამოძიება ჩატარდებათ სრულყოფილად და ობიექტურად. ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ” – ამბობს მარიამ ბერძენიშვილი.
საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს დაცვის მხარეც. არსებული ინფორმაციით, ადვოკატს გაუთქმელობის ვალდებულებაზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც ის გამოძიების მასალებსა და მტკიცებულებებზე საჯაროდ ვერ საუბრობს.
საქართველოს პროკურატურამ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ეხება 2020-2026 წლებში განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს, რომელთა შედეგადაც ძმების საბანკო ანგარიშებზე დაახლოებით 10 მილიონი ლარის ეკვივალენტის სხვადასხვა ვალუტა აკუმულირდა.
