“არა პატიმრების წამებას!” “მხარდაჭერა გიორგი დავითაძეს” – ამ წუთებში რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – მოქალაქეები ციხის უფროსის გადადგომას ითხოვენ და ეხმაურებიან გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 36 წლის პატიმარი გიორგი დავითაძე ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
“ასეთი ფაქტის გახმაურება ადვილი არ არის. მე მართლა ღირსეული ვაჟკაცი გამიზრდია, რომ ყველაფერს აღიარებს და სააშკარაოზე გამოიტანა ის სიბინძურე, რომელიც ამ მომპალ სისტემაშია დაბუდებული. გული მწყდება, რომ ოდესღაც ამათ ხელისუფლებაში მოსვლას ვიცავდი და გვერდში ვედექი” – ამბობს პატიმარ გიორგი დავითაძის მამა ავთანდილ დავითაძე TV ფორმულასთან საუბრისას.
გუშინ გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსთავის N6-ე დაწესებულებაში, მასზე 10-მდე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.
პასუხად უწყებამ დეესკალაციის საკანში გადაღებული ვიდეო გაავრცელა. უხმო კადრებში პატიმარი და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ჩანან. მათ განცხადებით, დავითაძეს საკანში შეყვანისას სხეულზე ელექტროდეტექტორით დათვალიერება ჩაუტარდა.
