ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრები პატარა ევა ბუთიაშვილი, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა ვირუსული, ამჯერად სელინ დიონის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
მსოფლიო ვარსკვლავმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა სახალისო კადრთან ერთად ევას ცნობილი ვიდეოც მოხვდა. კადრებში პატარა გოგონა ბაბუასთან ერთად ცეკვავს და პოზირებს, სელინ დიონი კი მის მოძრაობებს აჰყვა და მასთან ერთად ცეკვავს.
„ძალიან მიყვარხართ!“ – ისმის ვიდეოში ევას შეძახილი.
სელინ დიონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ევას დედამაც გააზიარა საკუთარ Story-ში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახეთში მცხოვრები პატარა გოგონას ვიდეო უცხოელი ვარსკვლავის ყურადღებას იქცევს. ცოტა ხნის წინ, იგივე კადრები ცნობილმა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმაც გააზიარა.
„ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“, – დაწერა მსახიობმა ევას ვიდეოზე.
პატარა ევა ბუთიაშვილი სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს – მის ვიდეოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ეხმაურება.
