“გიორგის საკანში შვილების ფოტო ჩამოუხიეს, და დაემუქრნენ, შენს შვილებს, შენს წინაშე გავაუპატიურებთო“ ამის შესახებ პატიმარ გიორგი დავითაძის ცოლმა, თაკო რამიშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა.
36 წლის პატიმარი, გიორგი დავითაძე ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსთავის N6-ე დაწესებულებაში, მასზე 10-მდე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. “ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩნდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც” – უთხრა დავითაძემ სასამართლოს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს. პასუხად უწყებამ დეესკალაციის საკანში გადაღებული ვიდეო გაავრცელა. უხმო კადრებში პატიმარი და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ჩანან. მათ განცხადებით, დავითაძეს საკანში შეყვანისას სხეულზე ელექტროდეტექტორით დათვალიერება ჩაუტარდა.
