23 წლის სტიქაროსნის ბურუსით მოცული გარდაცვალება – შვილმკვდარი დედა პროკურატურას რამდენიმე დღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ აქციებს გაარძელებს.
ნინო გვიშიანი ასახელებს იმ პოლიციელების გვარ-სახელებს, რომელთა დასჯასაც მოითხოვს.
დედის თქმით, მისი 23 წლის შვილი სწორედ პოლიციელებმა მოკლეს დევნის ოპერაციის დროს.
მათმა მოგვცეს პირობა, სიტყვა მოგვცეს, რომ კიდევ ერთხელ განიხილავენ ამ საქმეს, თუმცა გამიჩნდა კითხვა, აქამდეც ხომ შეიძლება გადაეხედათ. სიტყვას შეუძლია ადამიანი გააჩეროს, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მე ვერ გამაჩერებენ. მე ვარ ცოცხალი იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო.
ჩემი მოთხოვნაა, რომ კახაბერ ნებიერიძე, ლაშა ლაბუჩიძე, ჩარჩხალია, ლიკლიკაძე და აბჟანდაძე პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები.
ჩემი შვილის გვამის ლპობა იყო დაწყებული, სამი დღის მანძილზე ჰყავდათ თავჩამხობილი – მდინარეში ჩააყუდეს კვალის წაშლის მიზნით”- ამბობს ნინო გვიშიანი.
დღეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას, ნინო გვიშიანს შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ბეჟუაშვილი.
სწორედ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს
