შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვას გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ „პოლიტიკური მისიის“ შესრულების საშუალება არ მიეცათ.
პაპუაშვილის თქმით, ფონდი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან აფილირებული პოლიტიკური ორგანიზაციაა.
“კონრად ადენაუერის ფონდი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთანაა აფილირებული. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კი არის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორია. მე მგონი, უცხო ქვეყნის პარტიებსა და მათ ფონდებს საქართველოში არაფერი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ […] მათ საქართველოს მთავრობას მიმართეს და რადგან პოლიტიკური შინაარსისა და მისიის პროექტები ჰქონდათ, მთავრობისგან წინადადება მიიღეს, რომ პოლიტიკური ხასიათის პროექტები მოეცილებინათ და თუ რაიმე აკადემიური, ან სხვა ხასიათის პროექტების განხორციელება სურდათ, ამის თანხმობას მიიღებდნენ – მაგრამ, როგორც ჩანს, მათ აკადემიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით არანაირი ინტერესი არ აქვთ და მხოლოდ პოლიტიკური მისია აქვთ […]
საქართველოში უცხო ქვეყნის მიერ, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, პარტიული ხასიათის ორგანიზაციის საქმიანობა არის პრივილეგია და არა უფლება. ამ პრივილეგიით სარგებლობა ვინმეს თუ უნდა, ქართველი ხალხის წესებს უნდა დაემორჩილოს” – თქვა პაპუაშვილმა.
