პროდუქტებზე, საწვავზე, მედიკამენტებზე ფასების მომატებას “ქართულ ოცნებაში” ეკონომიკური ზრდით ხსნიან – გიორგი კახიანი ამბობს, რომ “არის რაღაც ეკონომიკური წინაპირობები, რომლებსაც ვერაფერს ვერ უზამ”.
“ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას ყოველთვის მოჰყვება ფასების გარკვეულწილად ზრდა. ვიცით, რომ შექმნილი არის შესაბამისი სამომხმარებლო კალათა, რომელიც ძალიან ბევრ წერტილში ფუნქციონირებს და შედარებით იაფ ფასებში შესაძლებელი არის იქ აუციელებელი საჭიროების მქონე სხვადასხვა პროდუქტის შეძენა. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება იაფი იყო ყოვედღიური პროდუქცია, მაგრამ ბუნებრივია არის რაღაც ეკონომიკური წინაპირობები, რომლებსაც ვერაფერს ვერ უზამ”, – ამბობს გიორგი კახიანი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 5.6% შეადგინა.
საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ყველაზე დიდი გავლენა ფასების ზრდაზე საწვავის გაძვირებამ მოახდინა – ბენზინი წლიურად 30%-ით, დიზელი კი 54%-ით არის გაძვირებული.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.4%-ით გაიზარდა.
ფასები გაძირებულია ტრანსპორტზეც 18.7%-ით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 6.2%-ით. სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.3%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – 9.2%-ით, ჯანდაცვა – 8%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 2.9%-ით, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა – 0.6%-ით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9%), პური და პურპროდუქტები (6.9%), ზეთი და ცხიმი (4.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (10.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.8%);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.5%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.8%);
განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9%). ამასთან ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (7%), დონით განუსაზღვრელი განათლება (6.8%) და საშუალო განათლება (6.6%).
