პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირას სოციალურ ქსელში მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოთვლილია მისი დამსახურებები და მიღწევები. ავტორი ვრცელ წერილში თანამდებობაზე მისი ყოფნის პირობებში საქართველოში ეკონომიკურ აღმავლობასა და მანამდე არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებასა თუ ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე მიანიშნებს.
“მოსახლეობაზე და განსაკუთრებით გაჭირვებულ მოქალაქეებზე გათვლილი მიზნობრივი პროგრამებით (მაგალითად, ყოველწლიურად 500 მილიონი ლარი გამოვყავით და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ყოველთვიური დანამატები დავუნიშნეთ) უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, შეიქმნა ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი. მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ გავზარდეთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები (სამ წელიწადში 40-50%-ით გავზარდეთ პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა ხელფასები), გავზარდეთ პენსიები, ხელფასები გავუზარდეთ მასწავლებლებსა და ექიმებს.
მაღალი და რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალებას გვაძლევდა, წლის განმავლობაში არაერთხელ გაგვეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი და დამატებითი თანხები მიგვემართა ქვეყნისა და მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებისთვის“.
წერილის ბოლოს ექსპრემიერი ხალხს კითხვით მიმართავს: “ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის – მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!“
ორიოდე დღის წინ კი, ასპარეზზე “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილიც გამოჩნდა და განცხადება გაავრცელა, სადაც მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს პასუხობს და გარკვეული მედიასაშუალებებისა და კონკრეტული პირებისთვის სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
ბერა ივანიშვილის განცხადებით, მის და მისი ოჯახის მიმართ წლებია კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რის გამოც მან საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატ დავით ასათიანს მიმართა.
ადვოკატმა დავით ასათიანმა თავის მხრივ დააანონსა, რომ ბერას სახელით უჩივლებს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ კონკრეტულ პირებსაც. “ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმატში იმ ფაქტებს, რომელსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია, არის ყალბი და მტკნარი სიცრუე“.
ექსპერტების განმარტებით, “ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავიდან ბოლომდე მიმართულია ყველა კრიტიკული და თავისუფალი აზრის შეჩერებისა და საზოგადოების გაჩუმებისკენ. შესაბამისად, ეს არის ამ გრძელვადიანი, დაგეგმილი კამპანიის გაგრძელება. როგორც ჩანს, საქართველოში დაკავებების ახალი სერიები დაიწყება, პოლიტოლოგი გიორგი მელაშვილი ambebi.ge – სთან ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს:
“ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები ძალიან ნათლად გვაჩვენებს, რომ პარტიაში არის დაპირისპირება სხვადასხვა კლანებსა და სუბიექტებს შორის. ერთ-ერთი ასეთი სუბიექტი იყო ირაკლი ღარიბაშვილი და, შესაბამისად, მისი ყველა ქმედება უნდა განვიხილოთ შიდაპარტიული დაპირისპირების კონტექსტში. ამჟამად ის აქტიურად ცდილობს, რომ საკუთარი წარმატებები, მნიშვნელობა და გავლენები, რომელიც მას ჯერ კიდევ დარჩა პარტიის შიგნით, გამოიყენოს საკუთარი თავისუფლების მოსაპოვებლად. შესაბამისად, ყველა ეს წერილი ჩვენ უნდა განვიხილოთ საკმაოდ ვიწრო კონტექსტში. ეს კონტექსტი არის ღარიბაშვილის მიერ საკუთარი თავისუფლების მოპოვების მცდელობა. ის ამას ცდილობს არა რაღაც სამართლებრივი მექანიზმებით (თავადაც აღიარა, რომ “ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს), არამედ იმით, რომ მიიპყროს ბიძინა ივანიშვილის ყურადღება, რომელიც მისთვის ერთადერთი არბიტრია, რომელიც არსებობს ქვეყანაში და რომლის გადაწყვეტილებაზეც, საბოლოო ჯამში, დამოკიდებულია, იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი. ექსპრემიერის ყველა წერილის ადრესატი ხომ ბიძინა ივანიშვილია იმიტომ, რომ ღარიბაშვილს ძალიან კარგად ესმის, როგორ მუშაობს “ქართული ოცნების“ ავტორიტარული სისტემა და რომ რეალურ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს. არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ადამიანების, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ ტოვებდნენ, მცდელობები ივანიშვილისთვის დაემტკიცებინათ, რომ ისინი იყვნენ ყველაზე კარგი მმართველები იყვნენ და როგორი “დიდი შეცდომა“ დაუშვა ივანიშვილმა, როდესაც ეს ადამიანები გაუშვა. ამ შემთხვევაშიც აშკარაა, რომ ზუსტად იმავეს აქვს ადგილი – ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს შეახსენოს ივანიშვილს, რამდენად კარგი ურთიერთობები იყო უცხო ქვეყნებთან, რამდენად იზრდებოდა ეკონომიკა და ასე შემდეგ, ანუ თავიდან ბოლომდე ისევ და ისევ, ეს არის ივანიშვილისთვის შეხსენების მცდელობა, როგორი კარგი მმართველი და რამდენად წარმატებული იყო ირაკლი ღარიბაშვილი სხვებთან შედარებით. ის ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, გულისხმობს ირაკლი კობახიძეს.
რაც შეეხება ბერა ივანიშვილის განცხადებას, “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში მიიღო უამრავი დრაკონული კანონი, რომელთა მიზანია ცენზურის დაწესება და, საბოლოო ჯამში, ადამიანების გაჩუმება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ყველა ამ კანონის ერთადერთი მიზანია საზოგადოებაზე ზემოქმედება და გაჩუმების იძულება (“ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერებზე გაჩუმების იძულება). შესაბამისად, “ქართული ოცნების“ მიერვე შექმნილი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მათი ოპონენტების წინააღმდეგ არ არის ახალი, ეს არაერთხელ დავინახეთ, მათ შორის, ვახო სანაიასთან მიმართებით, და, როგორც ჩანს, ახლა მორიგ ჯერზე სხვადასხვა ადამიანების გაჩუმების მიზეზი გახდება. ამჯერად იქნება რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენების მორიგი მცდელობა. არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით იქნება საჩივრები. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ყველა გადაწყვეტილება ცალსახად “ქართული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ადამიანების სასარგებლოდ იქნება მიღებული. არაერთხელ გვინახავს “ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების აპელირება, თითქოსდა ქვეყანაში არსებობს სამართლიანი სასამართლო. თავად ირაკლი ღარიბაშვილიც ამას აკეთებდა საკუთარი პრემიერობის დროს და ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ როგორც კი “ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები ტოვებენ თანამდებობას და უპირისპირდებიან პარტიას, ამ შემთხვევაში როგორ უცებ ახსენდებათ, რომ სინამდვილეში, სასამართლო პოლიტიკურად სრული კონტროლის ქვეშაა. ირაკლი ღარიბაშვილი არის ამის ბოლო ილუსტრაცია. “ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავიდან ბოლომდე მიმართულია ყველა კრიტიკული და თავისუფალი აზრის შეჩერებისა და გაჩუმებისკენ. შესაბამისად, ეს არის ამ გრძელვადიანი, დაგეგმილი კამპანიის გაგრძელება.
