საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან სტუმრად, ბალიმენაში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრის მორიგი მატჩი გამართა.
თამაშის პირველი ტაიმი ქართველების აშკარა უპირატესობით დაიწყო და ფეხბურთელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქის კართან – მე-12 წუთზე ვახტანგ სალიას ნიკოლოზ ჩიქოვანმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, თუმცა ქართველმა თავდამსხმელმა კარში ზუსტი დარტყმა ვერ მოახერხა.
სალიას 40-ე წუთზეც ჰქონდა თავით გატანის მცდელობა, თუმცა ეს შეტევაც უშედეგოდ დამთავრდა 21-წლამდელებისთვის. პირველ ნახევარში შესანიშნავი მომენტი შექმნა ჰალიდ დოლტმურზიევმაც, რომელმაც 24-ე წუთზე კარში ახლოდან განახორციელა დარტყმა, მაგრამ მეკარემ შეძლო ბურთის მოგერიება და ტაიმის მიწურულს, ანგარიშმა 0:0 შეადგინა.
რაც შეეხება მატჩის მეორე ტაიმს, ქართველებს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მეორე ნახევარშიც დომინანტური სტარტი ჰქონდათ და გოლის გატანაც მოახერხეს – დოლტმურზიევმა ბრწყინვალე შორეული დარტყმა განახორციელა და ნაკრები ერთი ქულით დააწინაურა.
მასპინძელმა გუნდმა ქართველების საპასუხოდ 58-ე წუთზე სცადა გოლის გატანა, თუმცა ტომ ატჩესონის ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
73-ე წუთზე კი ჩრდილოეთ ირლანდიელების მორიგი მცდელობა შედეგიანი გამოდგა – ჯონი რასელმა ზუსტი დარტყმა განახორციელა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მატჩი საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, რომელიც 6 ოქტომბერს გერმანიასთან, ბილეფელდში შედგება.
