14 წლის წინ ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ გვერდში დაუდგა, ნდობა გამოუცხადა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ განსხვავებული აზრის გამო ისევ ახალგაზრდებს დაუწყებდნენ დევნას, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, 14 წლის შემდეგ, ჩვენი თვალით დანახული პირველი ოქტომბერი ისე გამოიყურება, როგორც 14 წლის წინ იყო. 14 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საპატიმროები ისევ პოლიტიკური პატიმრებით იქნებოდა გადავსებული, როგორც ეს 2012 წელს იყო. 14 წლის წინ, ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ გვერდში დაუდგა და ნდობა გამოუცხადა. მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ განსხვავებული აზრის გამო ისევ ახალგაზრდებს დაუწყებდნენ დევნას. 14 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ საქართველოში რეალური მოცემულობა გვექნებოდა იმის, რომ „ოცნება“ განსხვავებული აზრის გამო პოლიტიკური პარტიების აკრძალვას დაიწყებდა. მაშინ, როდესაც 14 წლის წინ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ქართული მიწის დაცვა, დღეს არა თუ იცავენ ქართულ მიწებს, არამედ ყიდიან არაბებზე და არაბული სოფლებისა და დასახლებების გაშენებაზე ნებას რთავენ. 14 წლის წინ ვერც ერთი ფერმერი ვერ წარმოიდგენდა, რომ როდესაც პირველად ერთი ლარი ერთ კგ ყურძენში გადაუხადეს, ახლა შრომას უფრო გაუიაფებდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა იმასაც, რომ 14 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ კორუმპირებულ და მექრთამეების პარტიას დაემსგავსებოდა, ვისთანაც საუბარი არც ერთ ჩვენს პარტნიორს არ ექნებოდა. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს“, – განაცხადა კერესელიძემ.
