საჯარო სექტორში თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით იზრდება – ამის შესახებ აღნიშნულია 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში.
უფრო კონკრეტულად კი, პროექტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო საჯარო სექტორში, რისი გათვალისწინებითაც შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია 395 მილიონი ლარით.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომლის მიხედვით 2027-2030 წლების მაკროეკონომიკური პარამეტრები დაგეგმილია შედარებით კონსერვატიული პროგნოზების მიხედვით. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან.
