ვახტანგ გომელაურს კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. გომელაური თავის გამოკითხვის ოქმში საუბრობს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ არ იცოდა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აძლევს.
“რამდენიმე მოწმე დარჩა ბრალდების მხარეს დასაკითხი, თუმცა მთავარი მოწმის დაკითხვა ჯერ კიდევ წინაა – ეს არის ვახტანგ გომელაური, რომელიც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. როგორ შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, რომელიც ყველა, ღია თუ ფარული მოტივით აკონტროლებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, არ სცოდნოდა იმ ვითარების შესახებ, რომელიც ჩორჩანაში 2019 წლის იანვრიდან იყო შექმნილი და როგორ შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაეგო ჩორჩანაში ჯერ გზების გაყვანის, შემდეგ კი საგუშაგოს აღმართვის შესახებ? რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურს ეს ინფორმაცია ჰქონდა, მეტიც, არამხოლოდ გომელაურს ჰქონდა ეს ინფორმაცია, ჰქონდა მთელ სამთავრობო კაბინეტს, მათ შორის, სუს-სს.
ვახტანგ გომელაურის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და არც ობიექტური რეალობიდან. ვახტანგ გომელაურს კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, რადგან ამ ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც სამხედრო დაზვერვა ექვემდებარება, ასევე სუს-მა, ძალოვანი უწყების პირველმა თუ მეორე პირებმა არ იცოდნენ, რომ ჩორჩანაში საგუშაგო შენდებოდა.
გომელაური თავის გამოკითხვის ოქმში საუბრობს, რომ აღნიშნული საგუშაგოს შესახებ არ იცოდა და თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამის კურსში არ იყო. გომელაურმა თავისივე მიცემული ინფორმაციით, ფაქტობრივად აღიარა, რომ ამ 6-7 წლის განმავლობაში სუს-ის გამოწვევას მალავდა, დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გაამჟღავნა… ამის შემდეგ ბატონი გომელაური სამთავრობო კაბინეტში იყო გიორგი გახარიასთან ერთად და მისი მინისტრი იყო”, – განაცხადა სიჭინავამ.
ის ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ახალ წერილს, სადაც ის გიორგი გახარიაზე საუბრობს.
“ნარზე წამოწოლილ ღარიბაშვილს მინდა ვუთხრა, რომ რაც არ უნდა ტანტრუმები აკეთოს, რომ ივანიშვილს იქნებ თავიდან შეაყვაროს თავი გახარიას ლანძღვით, ეს ასე არ გამოვა ნამდვილად. ღარიბაშვილის მემკვიდრეობა ძალიან კარგად მახსოვს, არ მინდა ახლა პატიმართან პოლემიკაში შესვლა, ის არის კორუფციონერი, რომელსაც რამდენიმე მილიონი დოლარი უპოვეს სახლში. მისი პრემიერობა რამდენიმე სიტყვით შემიძლია დავახასიათო – პირველი, რაც მან გახარიას გადადგომის შემდეგ გააკეთა, არის ის, რომ კოვიდრეგულაციები მოხსნა და 9000 მიცვალებული, კოვიდით გარდაცვლილი ადამიანია მის კისერზე. ცოლს ტყეები აჩუქა, შვილს ჩარტერით უშვებდა, თავდაცვაში ბიუჯეტის ქურდები ჰყავდა დანიშნული და იქიდან წილებს იღებდა და კიდევ პატრიოტიზმზე საუბრობს. სჯობს წამოწვეს და ისევ ივანიშვილის წყალობას დაელოდოს. ასეთი წერილებით ნამდვილად ვერ მიიღებს წყალობას ივანიშვილის მხრიდან, თუმცა, ისეთი უსირცხვილოა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ რამეზე მოაწერს ხელს, ოღონდ ივანიშვილმა ერთი ღიმილით დაასაჩუქროს”, – განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.
