საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერი და ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა.
როგორც თავად საპროტესტო აქციაზე დაკავებულების მშობლები აცხადებენ, მათ ივნისშიც ჰქონდათ 24-საათიანი აქცია, თუმცა “მათი საუბარი არავინ ყურად არ იღო”. ახლა კი მათი მთავარი მოთხოვნაა საზოგადოებას მიაწოდონ მათ შვილებზე რეალური ინფორმაცია და „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” მათ საეთერო დრო დაუთმოს.
„ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე გვქონდა ამ ერთი წლის განმავლობაში, თუმცა, როგორც ჩანს, შედეგი არ გამოიღო. შესაბამისად, დაანონსებული გვქონდა, რომ 24-საათიანი გვექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რაიმე პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული და ამიტომ დღეს 24-საათიან აქციას ვმართავთ. მოთხოვნები იგივეა, რაც წინა შემთხვევაში: გვინდა აუცილებლად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერი, რომ ჩვენი ბრძოლის, ჩვენი შვილების შესახებ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ. მანამდე შესაძლებელია ბორდთან, ხელმძღვანელობასთან და დირექტორთან შეხვედრაც. ყველა შემთხვევაში, ჩვენი ძირითადი მიზანი არის „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შეღწევა, ეთერში დაჯდომა და საზოგადოებისათვის სიმართლის მოყოლა”,- განაცხადა საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.
საპროტესტო აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, გიორგი ტერიშვილის დედის მარინა ტერიშვილის განცხადებით კი, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მათი დაკავებული შვილების შესახებ სრული სიმართლე იცოდეს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე ვთქვათ, ჩვენი შვილების შესახებ. ჩვენ ივნისშიც გვქონდა 24-საათიანი საპროტესტო აქცია გამართული, მაგრამ ჩვენი საუბარი არავინ ყურად არ იღო. ჩვენ გვინდა დღეს 24-საათიანი გამოსვლები გგავაკეთოთ, რათა ვთხოვოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დაგვითმოს ეთერი, გავაშუქოთ ჩვენი შვილების ამბები, რადგან ჩვენ შვილებს ხან ტერორისტებად მოიხსენიებენ, ხან უსინდისოებად. ჩვენ გვინდა, რომ ყველამ გაიგოს – ჩვენი შვილები არიან ნამდვილად სინდისიერი ბიჭები, ისინი არიან სინდისის პატიმრები. ამიტომ მოვითხოვთ „საზოგადოებრივ ეთერს“, რადგან ეს შუქდება ყველგან, მათ შორის რაიონებშიც”, – განაცხადა საპროტესტო აქციაზე დაკავებული გიორგი ტერიშვილის დედამ, მარინა ტერიშვილმა.
