კახი, ყველას თავისი ცხრა წელი აქვს და შენი არის კორუფციის, უკანონობის, უსამართლობის, ტრაგედიებისა და ვერ აღებული პასუხისმგებლობების ცხრა წელი – კალაძე თბილისი ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერია, რომელმაც არც ერთ ტრაგედიაზე, არც ერთ სიკვდილზე და ნგრევაზე პასუხისმგებლობა არ აიღო – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მან საზოგადოებას შეახსენა თბილისის მერის, კახა კალაძის დაპირებების ნაწილი, რომელიც მან 2017 წლიდან დღემდე ამომრჩეველს მისცა და რომელიც, მისივე თქმით, ვერ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა. მათ შორის, კუპრაძის განცხადებით, არის 10 მიწისქვეშა პარკინგი, გურამიშვილისა და მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელები და რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო.
„2017 წელს ზუსტად 9 წლის წინ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან კახა კალაძის ერთ-ერთი პირველი პრეზენტაცია ჩატარდა. ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, ის თბილისის არჩევნებზე მესამე ვადით წავიდა. ამ 9 წლის განმავლობაში, 2017 წლიდან მოყოლებული, ამ დაპირებებისა სრული უმრავლესობა რაც ითქვა მის მიერ არ არის შესრულებული. მივმართავ კახა კალაძეს – კახი, ყველას თავისი ცხრა წელი აქვს და შენი არის კორუფციის, უკანონობის, უსამართლობის, ტრაგედიებისა და ვერ აღებული პასუხისმგებლობების ცხრა წელი. კახა კალაძის ცხრა წელი არ დარჩება დაუსჯელი, რადგან მან მოატყუა თბილისელები, მოგატყუათ თქვენ და ეს ტყუილები ბევრ რამეს მოიცავს, თუმცა რამდენიმეს შეგახსენებთ: მაშინ, როდესაც კალაძის 9 წელი იწყებოდა, 2017 წელს ფილარმონიასთან მას უნდა გაეხსნა მიწისქვეშა პარკინგი, მთელი თბილისის მასშტაბით უნდა გაკეთებულიყო 10 უზარმაზარი მიწისქვეშა პარკინგი. ამ დროის განმავლობაში თითქმის 50000-ით შემცირდა საპარკინგე ადგილების რაოდენობა ქალაქში, მაგრამ კალაძემ თბილისელებს უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა და სხვადასხვა ჯარიმა ზოგი 100%-ით, ზოგიც კი 150%-ით გაზარდა. 2026 წელს კალაძემ უკვე ჯარიმების რეკორდული მაჩვენებელი ამოიღო თბილისელების ჯიბიდან. 2018 წელს, კალაძის პირველ წელს, დაგვიანონსა, რომ თბილისი რუსთავის მიწისზედა მეტრო აშენდებოდა. 8 წელი გავიდა და კალაძემ ესეც არ შეასრულა, რუსთავსა და თბილისს შორის დღეს არის სატრანსპორტო კოლაფსი, რომელზედაც პასუხისმგებლობა დღემდე არ აუღია. ამ 9 წლის განმავლობაში მან კვლევა ჩაატარა, რომელშიც 12 მილიონი დახარჯა და ათქმევინა, რომ რუსთავისა და თბილისის მიწისზედა მეტრო არ აშენდება. ეს თანხა დახარჯა იმაში, რომ თქვენთვის ნათქვამი ტყუილი გაემართლებინა, წარმოუდგენელ დანაშაულთან და უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. ამ 9 წლის განმავლობაში კალაძემ სხვადასხვა საარჩევნო კამპანიის პირობებში პირობა დადო, რომ 8 მეტროსადგურს ააშენებდა. ეს არის უპასუხისმგებლო ტყუილი, რომელიც კიდევ ერთხელ არ შესრულდა. ახმეტელის მეტროს უნდა ჰქონოდა 2024 წელს ახალი მეორე ამოსავლელი, რადგან ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია, რომელიც არ აშენდა და ისევ მოატყუა თბილისელები კალაძემ. იგივე მდგომარეობაა მარჯანიშვილის მეტროსთან. მან დადო პირობა, რომ 2026 წელს თბილისელები მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელით შეხვდებოდნენ, თუმცა ესეც არ შესრულდა. გურამიშვილის მეტროს რეაბილიტაცია, რომლის საკითხიც 2017 წლიდან დგას და გურამიშვილის მეტრო ისევ ზეზვასა და მზიას გამოქვაბულია, რომელზედაც კალაძეს პასუხისმგებლობა ისევ არ აუღია. მრავალი წლის განმავლობაში ის იმართლებდა თავს, თითქოს იმიტომ გაჩერდა გურამიშვილის რეაბილიტაცია, რომ ვარკეთილის მეტროს სახურავსა და ფასადს აკეთებდნენ, რომელიც სიმწრით დაასრულეს. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტყუილი, რომელიც თბილისელების ნერვებსა და ფინანსებზე აისახება მტკვარზე ხიდების მშენებლობაა. გელოვანის გამზირი და სამტრედიის ქუჩა, სადაც პრეზენტაცია წარმოადგინა, რომ მტკვარზე დამაკავშირებელი ხიდები უნდა ყოფილიყო. ისევ ტყუილი, უპასუხისმგებლობა და გადაგდება კალაძის 9 წლიანი მმართველობის პირობებში. მთავრობის სხდომაზე მან გააკეთა განცხადება, რომ ვეფხი და მოყმესთან უნდა მოწყობილიყო სატრანსპორტო კვანძი, რაშიც უნდა დახარჯულიყო 300 მილიონზე მეტი. სადმე ხედავთ ვეფხი და მოყმის წრიულთან რაიმე სატრანსპორტო კვანძს ან დამაკავშირებელ ხიდს მეორე სანაპიროსთან? ვერ ხედავთ, რადგან კალაძე არის თბილისი ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი, რომელმაც არც ერთ ტრაგედიაზე, არც ერთ სიკვდილზე და ნგრევაზე პასუხისმგებლობა არ აიღო. ბოლოს ნაგავსაყრელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის რეაბილიტაციაც „ქართული ოცნების“ პირობებში დაჯდა 11 მილიონი ლარი, შემდეგ 17 მილიონი დაახარჯეს. დღემდე მაინც იგივე პრობლემების წინაშეა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კალაძის კორუფციული ტყუილსა და უპასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ცხრა წელი დასრულების პირას არის. თუმცა ვამბობ და პერსონალურად კალაძეს ვპირდები კორუმპირებულ „ქართულ ოცნებას” არ მოგეშვებით და ყველა იმ პირობას, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა ტყუილი და გადაგდება თბილისელების ყოველდღიურად გაგახსენებთ, რადგან თბილისელებს კიდევ ერთხელ ვუთხრათ ვისი მმართველობის ქვეშ იმყოფება დღეს დედაქალაქი. ვიბრძოლებთ ბოლომდე “ლელო – ძლიერი საქართველო” სანამ ყველა თითოეულ ტყუილსა და გადაგდებაზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრება შესაბამის პირებს და კონკრეტულად კახა კალაძეს”, – განაცხადა კუპრაძემ.
