მასწავლებელი, ნინო დათაშვილი, რომელიც 4 თვე პატიმრობაში იმყოფებოდა და პენიცენტიური დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ გასული წლის ოქტომბერში დატოვა, არჩილ მუსელიანცის წერილს ეხმაურება და წერს, რომ პენიტენციური იტყუება და ციხეში ნამდვილად გაუსაძლისი პირობებია.
დათაშვილი წერს, რა პირობებში მოუწია თავადაც მას, 4 – თვიანი პატიმრობა გაეტარებინა.
არჩილ მუსელიანცის წერილს უნდა გამოვეხმაურო, პენიტენციურმა სამსახურმა ტყუილში დაადანაშაულა. სინამდვილეში ტყუის პენიტენციური სამსახური.
ჩემზე მოვყვები მოკლედ, მე ხომ ვერ მოვიტყუები, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თავად იყო შემოსული ჩემს სანახავად, თავად ნახა, რომ ჭერიდან წვიმა ჩამოდიოდა, 2 ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული და ამ ვიდეოთვალიდან წვიმდა ხოლმე. წვიმის დროს მეშინოდა, მოკლე ჩართვა არ მომხდარიყო და არ გადავბუგულიყავი. პირდაპირ ცემენტზე ლინოლიუმი იყო ამოგლეჯილი და საკნიდან შემომავალ წვიმის წყალს იწოვდა. გისოსის ფანჯარას ვერ გააღებ და დახურავ შენს ნებაზე, ტექნიკური სამსახური უნდა.
რა ანტისანიტარია დამხვდა, ამაზე აღარ ვილაპარაკებ, თვენახევარი ვხეხავდი ტუალეტს და საკნის კედლებს. ხსნარებს ვითხოვდი, განცხადებებს ვწერდი, დირექციამ მიპასუხა, რომ მშვენიერი სანიტარია და ჰიგიენა არისო ))) აბანო არის ისეთი კოშმარი, ვერ აღვწერ, ჟანგიანი და წყლის ნადებიანი რაღაც მილებიდან მოდის წყალი, რომელიც თავში გირტყამს.
როცა სამკურნალო ბლოკში გადამიყვანეს, იქ კედლებიდან ბათქაშები ცვიოდა და ჭერიდან კენჭები. მერე კანალიზაცია გასკდა და მთელი საკანი დაიტბორა, კედლები 50 სანტიმეტრამდე სველი იყო.
ძალიან ვნანობ, რომ კონსტრუქციულად, განცხადებებით და მიმართვებით ვცდილობდი მოგვარებას და არ მოვითხოვე სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი, რომელსაც ყველგან შესვლის უფლება აქვს, დაადოკუმენტირებდა ამ ყველაფერს.
ციხეში გარემონტებულია პაემნების ოთახები, ადვოკატები და ოჯახის წევრები რომ შედიან, კარგი შთაბეჭდილება რომ დარჩეთ, მთელი ციხე ასეთი რომ ეგონოთ. ერთხელ მე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლამის დავიწამლეთ ახლადშეღებილ პაემნის ოთახში. ასეთი თვალთმაქცურია ყველაფერი. ეს ძალიან მოკლედ მოვყევი.
პატიმრებო, დარეკეთ სახალხო დამცველის ოფისში და მოითხოვეთ პრევენციული ჯგუფის შესვლა მერე ხომ ვეღარ დაგადანაშაულებენ ტყუილებში, – წერს დათაშვილი.
არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში საპატიმროში არსებულ მძიმე პირობებსა და სისტემურ პრობლემებზე წერს. მისი თქმით, პატიმრებს ხშირად უმიზეზოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გადატვირთულ საკარანტინო სივრცეში ათავსებენ, სადაც ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნია, მდგომარეობა კი განსაკუთრებით წვიმის დროს მძიმდება.
წერილში საუბარია სამედიცინო მომსახურების პრობლემებზეც. მუსელიანცის განცხადებით, ერთ-ერთ კორპუსს მხოლოდ ერთი ექიმი ემსახურება, რის გამოც ის პატიმრების დროულად გასინჯვას ფიზიკურად ვერ ასწრებს, საჭირო მედიკამენტების მიღებას კი ზოგჯერ რამდენიმე დღე სჭირდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური არჩილ მუსელიანცის მიერ გლდანის ციხეში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყება პატიმრის განცხადებებს „სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბრალდებები პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა.
