კანადაში 8 წლის ლუკას ატჩისონმა მეტალოდეტექტორის დახმარებით შესაძლოა 170 წლის წინ ჩაძირული გემის ნაშთს მიაგნო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ბიჭმა აღმოჩენა 2023 წელს, ონტარიოს პარკში, ოჯახთან ერთად ყოფნისას გააკეთა. მეტალოდეტექტორმა მიწის ქვეშ ლითონის საგანი დააფიქსირა. თავდაპირველად აღმოჩენა ჩვეულებრივ ფოლადის ღეროდ მიიჩნიეს, თუმცა გათხრების გაგრძელების შემდეგ ხის კონსტრუქციის ნაწილებიც გამოჩნდა.
შემთხვევის შესახებ აცნობეს სპეციალისტებს, რომლებმაც ადგილზე ძველი გემის კონსტრუქციის ნიშნები აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, ეს შესაძლოა მე-19 საუკუნის შხუნა St. Anthony იყოს, რომელიც 1856 წელს ჰურონის ტბაში, გოდერიჩის სანაპიროსთან, ჩაიძირა.
არქეოლოგები ამჟამად გემის ზუსტი ვინაობის დასადგენად მუშაობენ. აღმოჩენილი ნაშთები კი კვლავ მიწით დაიფარება, რათა ხის კონსტრუქცია უკეთ შენარჩუნდეს.
